38 გარდაცვლილი, 1738 ახალი ინფიცირებული და 1494 გამოჯანმრთელებული, – ასეთია კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა. სპეციალისტები მოსახლეობას წინასაახალწლო დღეებში დაწესებული რეგულაციების მკაცრად დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, რომ შედარებით სტაბილური მდგომარეობა არ გართულდეს. ექიმები მოსახლეობას სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ტესტირების დროულ ჩატარებასაც თხოვენ. ეპიდ ვითარება დადებითი დინამიკისკენ აჭარის რეგიონში მიდის. ბოლო2 4 საათში ზღვისპირა რეგიონში COVID-19-ით ერთი ადამიანი დაიღუპა.
ინფიცირების დღიური მაჩვენებლით ისევ დედაქალაქი ლიდერობს. გასულ ღღე-ღამეში ჩატარებული 14 192 ტესტიდან 743 შემთხვევა სწორედ თბილისში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე იმერეთია, ხოლო მესამეზე დღევანდელი მონაცემებით – სამეგრელო-ზემო სვანეთი. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა ქვეყანაში 12 000- ზე მეტია.
სტაბილურია ქვეყნის პირველი ინფექციონისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ეტაპზე ამირან გამყრელიძეს არანაირი კლინიკური სიმპტომი არ აღენიშნება. ის თვითიზოლაციაშია და თვითმონიტორინგს აგრძელებს, მას COVID-19 გუშინ დაუდგინდა. კორონავირუსი უსიმპტომოდ უკვე გადაიტანა ექიმმა ლევან რატიანმა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა “ღამის კურიერში” ისაუბრა და თქვა, რომ პროტოკოლით გათვალისწინებული არც ერთი პისიარ ტესტირებისას დადებითი პასუხი არ მიუღია, თუმცა ანტისხეულების ტესტმა აჩვენა, რომ ინფექცია გადატანილი ჰქონდა.
კორონავირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა და 112 დაინფიცირდა ოკუპირებულ აფხაზეთში. რეგიონში სულ 8 675 შემტხვევა ფიქსირდება. გარდაიცვალა 113 პაციენტი, 6 786 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო უკვე მეორე ვაქცინა დაამტკიცეს. ქვეყანაში ფაიზერის შემდეგ კორონავირუსის წინააღმდეგ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცეს. აცრები იანვრიდან დაიწყება. გაერთიანებულ სამეფოს კომპანიისგან უკვე 100 მილიონი დოზა ვაქცინა აქვს შეძენილი, რაც 50 მილიონი მოქალაქის ასაცრელადაა საკმარისი. ქვეყანაში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქიცნით უკვე მიმდინარეობს. AstraZeneca-ს ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი, Pfizer-ის ვაქცინას კი -70 გრადუს ცელსიუს ტემპერატურა ესაჭიროება.
ჩინეთის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, რომლის თანახმად უხანში, სავარაუდოდ იმაზე 10-ჯერ მეტი კოვიდინფიცირებული იყო, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული. კვლევის ფარგლებში უხანში, პეკინში, შანხაისა და კიდევ ოთხ პროვინციაში მცხოვრებ 34 000 მოქალაქეს ანტისხეულებზე ტესტი ჩაუტარდა.