ოპოზიციას ყველაფერი ფეხქვეშ გამოეცალა, საყრდენი აღარ აქვს და მათი პოზიციები სუსტია – კობახიძე | 30.12.2020

ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც ამბობს, თითქოს არ უნდა პარლამენტში შესვლა, მიმართა საფინანსო დეპარტამენტს და მოითხოვა ხელფასის ჩარიცხვა – განცხადება უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი შეფასებით, ეს მიანიშნებს, რომ  არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზაყოფნა. კობახიძის ამ განცხადებას უპასუხეს “ევროპულ საქართველოში”, სადაც თქვეს, რომ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი ამ ხელფასს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში გამოიყენებს.

როდის გაიმართება მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი – ირაკლი კობახიძემ დღეს ჟურნალისტების ამ კითხვასაც უპასუხა და აღნიშანა, რომ  მმართველ გუნდს არსად ეჩქარება და ელჩებთან კონსულტაციას ელოდებიან. კითხვაზე, არსებობს თუ არა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკების რესურსი, კობახიძის თქმით, მხოლოდ იმ ოპოზიციურ პარტიებთან საუბარს აქვს აზრი, ვინც გამარჯვებული მხარეა.