სრული ლოკდაუნი არ იგეგმება – ეპიდემიოლოგიური ვიტარება ქვეყანაში | 29.12.2020

საქართველოში სრული ლოკდაუნი არ იგეგმება.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 3 იანვრიდან მხოლოდ ის ობიექტები დაიხურება, რომლებიც 24 დეკემბერს გაიხსნა. გიორგი გახარიას განმარტებით, მკაცრი შეზღუდვების დაწესების მიზეზი არ არსებობს, რადგან ბოლოს დაწესებული შეზღუდვების შედეგები უკვე საგრძნობია და ჯანდაცვის სისტემა გამოწვევებს მდგრადად უმკლავდება.

პრემიერ-მინისტრის  განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლებელია პირველი თებერვლიდან იყოს განხილული.

ამ  ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის მაჩვნებელი სტაბილურია, თუმცა ეპიდემიოლოგები ვითარების ცვლილებას არ გამორიცხავენ.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ფიქრობს,რომ მოქალაქეები შეეცდებიან  ახალ წელს ძველებურად შეხვდნენ.  შესაბამისად, პაატა  იმნაძე ვარაუდობს, რომ  10 იანვრიდან 20 იანვრამდე, შეიძლება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იმატოს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იკლო, ჰოსპიტალურ სექტორში სტაბილიზაციის ნიშნები იგრძნობა. თამარ  გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის  2012 ახალი  შემთხვევა დაფიქსირდა. COVID-19-ს კიდევ 25  ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 401  პაციენტი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5480, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მკურნალობას  – 1287 ადამიანი გადის.   ბოლო 24 საათში ვირუსისგან  2 638 პირი გამოჯანმრთელდა.  ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა  224 155-ს  შეადგენს.