შემოაღწია თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალმა შტამმა – უკვე რამდენიმე დღეა ლუგარის ლაბორატორიის მეცნიერები რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ერთ შემთხვევაში ვირუსის ახალი ვარიანტის გამოვლენის ალბათობა მაღალია, თუმცა საბოლოო პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა დღეს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის ეტაპებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო სავარაუდოდ, რამდენიმე ვარიანტს მიიღებს. ჯანდაცვის სამინისტროში უკვე დაიწყეს მოლაპარაკება ევროპის იმ ქვეყნებთან, რომლებმაც ვაქცინა გამოყენებაში ჩაუშვეს.
ამირან გამყრელიძე ვაქცინის შემოტანამდე მოსახლეობას ისევ მკაცრად აფრთხილებს და ამბობს, რომ თუ ქვეყანაში შეზღუდვები შემსუბუქდება, იანვრის ბოლოს ინფიცირების დღიური მაჩვენებელი საგრძნობლად მოიმატებს. წინასწარი გათვლებით, ამ შეზღუდვების პირობებში იანვრის ბოლოს დღიურად 1600-მდე შემთხვევა გამოვლინდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი საგრძნობლადაა შემცირებული. 28 დეკემბრის მონაცემებით, სულ 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა კვლავ მაღალი რჩება გარდაცვალების რიცხვი. ბოლო დღე-ღამეში ვირუსმა კიდევ 41 ადამიანი შეიწირა.