51 გარდაცვლილი და 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა – ასეთია კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი დღეს ინფიცირებულებზე გაცილებით მეტია, ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია 3 560-მა პირმა დაამარცხა. ინფიცირებულთა დღიური რაოდენობით ისევ დედაქალაქი ლიდერობს. მეორე ადგილზე იმერეთია. აჭარაში კი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. ამ დროისთვის კორონავირუსს ქვეყანაში 20 644 ადამიანი ებრძვის.
ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყების თარიღი ჯერ ისევ უცნობია. თუმცა, სავარაუდო დროდ გაზაფხული სახელდება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს 700 000 დოზა ვაქცინა კოვაქს პლატფორმიდან აქვს შეკვეთილი, თუმცა აქტიურად განიხილება რუსული და ჩინური ვაქცინების შემოტანაც. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში თქვა, რომ თუ რუსული ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება აღიარებული, შესაძლოა ის ჩვენთანაც გამოიყენონ. თუმცა აქვე განმარტა, რომ იქამდე რიგში სხვა ვაქცინებია.
მსოფლიოში კი კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობიოს ვაქცინაცია გრძელდება. არაბთა გაერთიანებული საემიროები მეორე არაბული ქვეყანა გახდება საუდის არაბეთის შემდეგ, რომელიც Pfizer/BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას იწყებს. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე 60 წლის და ზემოთ ასაკის პირები, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე 18 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან. ვაქცინაცია მოსახლეობისთვის უფასო იქნება. ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინით აიცრა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ენტონი ფაუჩი. მან მოსალხეობას აცრის ჩატარებისკენ მოუწოდა. გერმანული ფარმაცევტული კომპანია BioNTech–ის აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის, ახალი, ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგაც მოქმედებს.