სამგორის რაიონში მძიმე ტექნიკა დღეს დილის 7 საათზე გამოჩნდა და უკანონოდ აშენებული 7 სახლი დაანგრია. ბოლო დღეების განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მერია უკანონოდ აშენებულ სახლებს მასობრივად ანგრევს. თვალჭრელიძის ქუჩაზე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ სახლების დემონტაჟზე გაფრთხილება 17 დეკემბერს მიიღეს, თუმცა წინაასაარჩევნოდ მერიის წარმომადგენლები პირდებოდნენ, რომ ხმების სანაცვლოდ, საცხოვრებელ ფართებს დაუკანონებდნენ. ჩვენთან საუბარში მოსახლეობა არ მალავს, რომ კორონაპანდემიის ფონზე, მერიისგან მსგავს გადაწყვეტილებას არ ელოდნენ.
სამგორის რაიონში სახლების დემონტაჟს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების მიტაცებაზე რეაგირება დედაქალაქის მთავრობის ვალდებულებაა. კალაძე ამბობს, რომ დაუშვებელია მსგავსი სამართალდარღვევა მოსახლეობის გაჭირვებით გამართლდეს. მერმა კიდევ ერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ არსებობს უსახლკაროდ დარჩენილთათვის სპეციალური პროგრამა, რომელზეც მერიიდან 7 მილიონი ლარი იხარჯება.
სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს, არასამთავრობო სექტორი გმობს. განცხადებას “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მერიამ უნებართვოდ აგებული შენობების დემონტაჟის პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს. ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს, სიღარიბის, მძიმე დაუცველობისა და ყოველდღიური სოციალური უიმედობის წინაშე მცხოვრები ოჯახების საცხოვრებლის გარეშე დატოვება, რის გამოც ისინი მერიისგან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საცხოვრებლის უფლების დაცვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებას ითხოვენ.
თვალჭრელიძის ქუჩაზე სახლების დემონტაჟის განახორციელებამდე, თბილისის მერიამ 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში დაახლოებით 20-მდე უკანონოდ აშენებული სახლი დაანგრია. მომხდარს პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოჰყვა. “აფრიკაში” განვითარებულ მოვლენების გამო პროტესტი გამოხატეს ოპოზიციის ლიდერებმა და აქტივისტებმაც, თუმცა მერიამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ სახლების დემონტაჟი გაგრძელდება. “აფრიკის” მაცხოვრებლები მძიმე ტექნიკის გამოჩენას და სახლების დანგრევას, ყოველდღე ელოდებიან