“დროა მინისტრთა კაბინეტი ახალი სახეებით დაკომპლექტდეს” – ვინ ჩაანაცვლების „ოცნების” უცვლელ მინისტრს | 15.12.2020

ვინ ჩაანაცვლებს “ქართული ოცნების” უცვლელ მინისტრს. თეა წულუკიანი ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ახალი სახე იქნება. მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დროა მინისტრთა კაბინეტი ახალი სახეებით დაკომპლექტდეს. კითხვაზე – თუ რატომ აირჩია მან განათლების და არა იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობა, თეა წულუკიანი პასუხობს, რომ ეს მისი მხრიდან მორალურად მართებული გადაწყვეტილებაა.

იგეგმება თუ არა მთავრობის ახალ კაბინეტში ცვლილებები. სწორედ ამ საკითხის განსახილველად დღეს “ქართული ოცნების” წევრები პარტიის ოფისში შეიკრიბნენ. ვინ ჩაიბარებს იუსტიციის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობას, ჯერჯერობით, ამაზე განხილვა არ ყოფილა. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტი ძირითადად იმავე შემადგენლობით დარჩება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძის შეცვლა, კობახიძემ განაცხადა, რომ საკითხი ასე არ დგას.

პარლამენტი მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას ნდობას ორი კვირის ვადაში გამოუცხადებს. როგორც ცნობილია “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – გიროგი გახარიაა. პარტიაში ამბობენ, რომ მინისტრების დასახელება პრემიერის პრეროგატივაა.