4 673 ახალი ინფიცირებული და 36 გარდაცვლილი – ასეთია კორონავირუსის 8 დეკემბრის სატიტისტიკა. გუშინდელთან შედარებით დღიური შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია. COVID-19-ს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა. 49 წლის ირმა სირაძე ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ფილტვების დაზიანებით 10 ნოემბერს გადაიყვანეს, მანამდე პაციენტი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. მას არც ერთი ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, თუმცა კოვიდინფექციამ მისი ჯანმრთელობის მდგომაროება დაამძიმა. ბათუმის რესპუბლიკურ საავდმყოფოში ბოლო 24 საათში კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა, მათი ასაკი 70-დან 80 წლამდე იყო.
რთული ეპიდემილოგიური მდგომარეობა ისევ დედაქალაქშია, სადაც გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექციაზე დადებითი პასუხი 1729 პაციენტმა მიიღო. თბილისის შემდეგ ცხელ წერტილებად იმერეთი და აჭარა რჩება. კორონავირუსით დაინფიცირდა იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 16 646 ტესტი ჩატარდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 655-ია, 1003 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად იზრდის ფონზე, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი სტაბილიზაციის ნიშნებზე საუბრობს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ტესტზე დადებითობის მაჩვენებლის შემცირება შეინიშნება. ამირან გამყრელიძის ინფრომაციით, ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა სეზონური ვირუსი, რის გამოც მოსახლეობას გრიპის აცრის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. ინფექციის გავრცელების შემცირების ტენდენციაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრიც. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 446 თავისუფალი საწოლია.
ჯანდაცვის მინისტრი აღიარებს, რომ ქვეყანაში ექიმების დეფიციტია. ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც გუშინ ამბობდა, რომ მედიკოსების სიმცირის კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს, დღეს ამბობს, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო. ტიკარაძის თქმით, ექიმების დეფიციტის დაძლევისთვის 1 წელი არასაკმარისია, ვინაიდან მისი განცხადებით, ექიმების გადამზადებას და მომზადებას 5-დან 12 წლამდე პერიოდი ესაჭიროება.
სეზონურ გრიპთან დაკავშირებით ისაუბრა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმაც. ივანე ჩხაიძის თქმით, დეკემბრის თვეში როგორც B, ისე A ტიპის ვირუსის შემთხვევების მატება იქნება. ჩხაიძე ამბობს, რომ რეკომენდაციები, რომელიც მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ, მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგაც.
იზრდება ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში ასეთი 3 893 პაციენტია, ხოლო მათი საერთო მონაცემი 141 392 გახდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 186, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 829, კოვიდსასტუმროში კი 3 759 ადამიანი.