მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩანიშნული პროცესი გადაიდო. ბრალდების მხარე ადვოკატების მხრიდან საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს. ახალგაზრდა ფეხბურთელის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულები და მათი ადვოკატები პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესზე არ გამოცხადნენ. პროტესტის მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც საქმის განხილვისთვის დამატებითი პროცესები ჩაინიშნა. გარდა ამისა, სასამართლომ ბრალდებულებს ადვოკატები საზოგადოებრივი წესით დაუნიშნა.
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ პირს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმა. ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძესა და არასრულწლოვნებს, ზ.ხ.-და და ა.ქ.-ს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, სწორედ ეს პირები გაუსწორდნენ ფიზიკურად გიორგი შაქარაშვილს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.