კარტოგრაფების გახმაურებულ საქმეზე დაკითხვების სერია გრძელდება – გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე ხელმეორედ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე დაიბარეს. მალხაზ მიქელაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკითხვაზე ნებაყოფლობით გამოცხადდა და მას მოწმის სტატუსით კითხავენ. თავად მიქელაძე კი რომელიც გენერალურმა პროკურატურამ პირველად სექტემბერში დაკითხა, ამბობს, რომ ჩვენების შეცვლას არ აპირებს.
საქართველოს ტერიტორიების გასხვისების ბრალდებით კარტოგრაფებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილოჩოვას ხუთოდან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.