5 068 ახალი შემთხვევა და 38 გარდაცვლილი – ეპიდვითარება ქვეყანაში უკვე საგანგაშოა. ბოლო პერიოდში კორონავირუსს ძირითადად ახალგაზრდები ეწირებიან. COVID-19-ით აჭარაში კიდევ 31 წლის ქალი დაიღუპა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა. რუსუდან კოკობინაძის ოჯახი დაგვიანებულ სამედიცინო მკურნალობასა და ექიმების დაუდევრობაზე საუბრობს. 31 წლის მშობიარეს საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში ჩაუტარდა. ოპერაციიდან ორი დღის შემდეგ კი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის კლინიკა “მედინაში” გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ახალგაზრდა ქალს სუნთქვის პრობლემა აღენიშნებოდა და ფილტვები სრულად დაზიანებული ჰქონდა. ახალშობილი ჯანმრთელია და სახლში უკვე გაწერეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ შემთხვევის ღრმა ანალიზი ჩატარდება. თამარ გაბუანიას თქმით, გარდაცვლილ 31 წლის ქალს სხვა თანმდევი დაავადებები არ ჰქონია და ფილტვის დაზიანებით გარდაიცვალა.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსით 17 წლის გოგო გარდაიცვალა, რომლის მიყვანა საავადმყოფომდე ოჯახმა ვერ მოახერხა. თუმცა, ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს ჯანდაცვის სამინისტრო. მინისტრის მოადგილის განმარტებით, 17 წლის გოგონას გარდაცვალება კორონავირუსულ ინფექციას არ უკავშირდება. თამარ გაბუნიას თქმით, სასწრაფო დახმარების რეაგირება იყო მყისიერი და როცა ბინაზე ბრიგადა მივიდა, ლეტალური შემთხვევა დამდგარი იყო. თამარ გაბუნიამ დღესვე პირობა დადო, რომ პირადად გაეცნობა ყველა ისეთ შემთხვევას, როდესაც დაგვაინებული რეაგირების გამო ლეტალური შედეგი დადგა.
ქვეყანაში გაფართოებული ტესტირება დაიწყო, ჩატარებული ტესტების რაოდენობა 17 000-ზე მეტია. შედეგად ინფიცირების დღიური მაჩვენებელი პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად 5000-ს გასცდა. აქედან ყველაზე მეტი თითქმის 2 000 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 24 349-ს შეადგენს, რომელთაგან 1 070-ის მდგომარეობა მძიმეა. იზრდება იმ პუნქტების რაოდენობაც, სადაც თბილისში კორონავირუსზე ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი. ასევე შეიცვალა პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც წინასწარ გაიტესტება ყველა პაციენტი, რომელიც სტაციონარში ნებისმიერი დიაგნოზით მოთავსდება. მომდევნო ორი თვის განმავლობაში კი საქართველოს მასშტაბით ამბულატორიები შაბათ-კვირის განმავლობაშიც იმუშავებენ.
ცხელ წერტილებად თბილისის შემდეგ ისევ აჭარა და იმერეთი რჩება. იმერეთის რეგიონში გასულ დღე-ღამეში 980 ახალი შემტხვევა დადსტურდა, ხოლო ზღვისპირა რეგიონში – 483. კორონავირუსის შემთხვევბი იზრდება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.
ინფიცირების 49 შემთხვევა დაფიქსირდა დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის ინფრომაციით, ინფიცირებული თანამშრომლების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელდა და მუშაობას აგრძელებენ. ამირან გამყრელიძემ დღეს არ დაადასტურა, რომ ქვეყანაში COVID-19-ით რეინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. თქვა, რომ მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის გამოკვლევა, რომლებსაც სიმპტომები პირველად გაზაფხულზე, მეორედ კი ნოემბერში გამოუვლინდათ.
იზრდება ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში ასეთი 2 336 პირია, ხოლო განკურნებულთა საერთო რაოდენობა 126 904-მდე გაიზარდა. ვირუსს ქვეყანაში სულ 1425 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამში კი ინფიცირებულია 152 704 ადამიანი. ბოლო მონაცემებით, 13 779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის, 6 671 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ხოლო 3 899 პირი კი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.