კომერციულ ობიექტებს ბუნებრივი აირის ტარიფი 24 თეთრით ეზრდებათ | 02.12.2020

ლარის გაუფასურების, გაძვირებული პროდუქტის და კორონაკრიზისის ფონზე ისედაც გაჩერებულ ბიზნესს 3 იანვრიდან ახალი დარტყმა ელის. კომერციულ ობიექტებს ბუნებრივი აირის ტარიფი 24 თეთრით ეზრდებათ და თუკი აქამდე  არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები ერთ კუბურ მეტრზე 86 თეთრს იხდიდნენ, 3 იანვრიდან 1 ლარის და 10 თეთრის გადახდა მოუწევთ. ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდა არ ეხებათ მხოლოდ პურის საწარმოებს, რომლებიც სოციალური პროდუქტის გაძვირების წინაშე ისედაც დგანან. პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ, რომ არა სახელწმიფოს მხრიდან სუბსიდირება, ფქვილის გაძირების გამო პურის ფასი მინიმუმ 20 თეთრით გაიზრდებოდა.

პურის მწარმოებლებისგან განსხვავებით ნაკლებად გაუმართლათ სხვა კომერციულ ობიექტებს, მათ შორის რესტორნებს, რომლებიც ისედაც გაკოტრების პირას არიან. რესტორატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ იმ ფონზე როდესაც ბიზნესი ჩამოქცევის პირასაა და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, მსგავსი გადაწყვეტილება სადიზმია. შოთა ბურჯანაძის თქმით გაზის საფასურის გაზრდა პროდუქციის გაძვირებას და შესაბამისად მომხმარებლების შემცირებას გამოიწვევს.

დღეს რესტორნების, კაფე-ბარებისა და კვების დაწესებულებების ხელმძღავნელებმა პრემიერ-მინისტრს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართეს. ისინი მთავრობისგან მათი თანამშრომლებისთვის ხელფასის 50%-ის გადახდას, სარესტორნე ბიზნესისთვის აღებული სესხის პროცენტის სუბსიდირებას და კომუნალური გადასახადების შეღავათს ითხოვენ. რესტორნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობის 26 ნოემბრუის დადგენილებით ინდუსტრია ფაქტობრივად გაჩერდა, ვინაიდან მხოლოდ მიტანის სესრვისით აუცილებელ ხარჯებსაც ვერ ფარავენ.

იმაზე, რომ ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს, საუბრობენ დისტრიბუტორთა ასოციაციაშიც. ივა ჭყონია ამბობს, რომ კომპანიებს გაზრდილი ტარიფის ფასებში ასახვა აუცილებლად  მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წაგებაზე წავლენ.

ლარი უფასურდება, ფასები იზრდება და ახლა უკვე გაზიც ძვირდება – ეს ყველაფერი კი ისედაც უმუშევრად დარჩენილი და გაღარიბებული მოსახლეობის ჯიბეზე აისახება. გაუძვირდებათ თუ არა კომერციული ობიექტების შემდეგ გაზის ფასი მოქალაქეებსაც უცნობია. როგორც სემეკში აცხადებენ, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი 3 წლის ვადითაა დადგენილი და ამ პერიოდში გაზის ფასის ზრდა არ მოხდება.