რატომ დატოვა ცესკოს პრესმდივანმა ანა მიქელაძემ პოსტი | 01.12.2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესმდივანმა, ანა მიქელაძემ პოსტი დატოვა. ცესკოს უკვე ყოფილი პრესპიკერი, რომლის სავარაუდო გადადგომის შესახებაც მედიაში ჯერ კიდევ არჩევნებიდან მეორე დღეს წერდნენ, არ საუბრობს კონკრეტულად რა გახდა ცესკოს დატოვების მიზეზი და უკავშირდება თუ არა ეს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. მიქელაძე წერს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება მისი ღირებულებებითაა ნაკარნახევი.

“პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად  აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი. ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში,”წერს მიქელაძე.

ანა მიქელაძის მიერ საარჩევნო კომისიის მაღალი თანამდებობის დატოვება ოპოზიციისთვის დასტურია, რომ გაყალბებული არჩევნებზე პროტესტი უკვე უწყების შიგნით დაიწყო. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მიქელაძის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ სისტემა კიდევ ერთხელ გააშიშვლა, რასაც მათი პროგნოზით კიდევ ბევრი საჯარო მოხელე მიბაძავს.