ქვეყანაში ეპიდვითარება ისევ რთულია. ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ 3216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითიც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა უკვე 135 584-მდე გაიზარდა. ყოველდღიურად იმატებს გარდაცვლილთა რაოდენობაც. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში კიდევ 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 1267-ს მიაღწია. ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე ისევ დედაქალაქია, სადაც ბოლო ერთ დღეში COVID-19 1622 ადამიანს დაუდასტურდა. თბილისის შემდეგ ყველაზე რთული ვითარება იმერეთსა და აჭარაშია. იმერეთში კორონავირუსი კიდევ 517 ადამიანს დაუდასტურდა. აჭარაში კი ინფიცირების 313 შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში რომ ეპიდვითარება რთულია არ უარყოფენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, თუმცა ამბობენ, რომ არსებული მდგომარეობა მართვადია. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპაციენტებს სტაციონარში მოთავსებაზე საწოლების არარსებობის გამო უარს ეუბნებიან, ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით 350 თავისუფალი საწოლი და რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატია.
ჯანდაცვის მინისტრიც არ უარყოფს, რომ ინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით პრობლემები არსებობს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ხარვეზების აღმოფხვრას ჯანდაცვის სისტემა ცდილობს და ის საკითხის მოგვარებაში პირადად არის ჩართული. მინისტრი აცხადებს, რომ დღეიდან ქვეყანაში საწოლების რაოდენობა გაიზარდა და სამედიცინო ჟანგბადის პრობლემაც მოგვარებულია. ტიკარაძის მსგავსად ეკონომიკის მინისტრიც მოსახლეობას არწმუნებს რომ ქვეყანას სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების პრობლემა არ შეექმნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგნოზით საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაახლოებით მარტი-აპრილის თვეში იქნება. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ კომპანიებისგან ვაქცინის პირდაპირი შესყიდვა მოხერხდება, შესაძლოა რამდენიმე დოზა უფრო ადრეც შემოვიდეს.
ქვეყანაში იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში ვირუსი 3937-მა ადამიანმა დაამარცხა, რითიც გამოჯანრთლებულთა რაოდენობა 113 986-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით კოვიდსასტუმროებში 3 857 პირი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 2 104 ადამინია მოთავსებული. ამე ტაპისთვის თვითიზოლაციაში 52 822 პირი იმყოფება.