საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო 6 თვე 1000 ლარამდე უნდა შემცირდეს. ამ ინიციატივას ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი სოციალური ქსელის საშულებით ავრცელებს. ნინო ჯანგირაშვილი წერს, რომ კორონაპანდემიის პარალელურად დაწესებული შეზღუდვების გამო დათმობაზე მაღალჩინოსნებიც უნდა წავიდნენ. ჟურნალისტის თქმით, თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება 200 ლარით იარსებოს, მრავალშვილიანმა ოჯახმა კი 100 ლარიანი შემწეობებით, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და გადახდილი გადასახადები დაიზოგოს.
“გამოვდივარ მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მაქსიმალური ხელფასი უახლოესი 6 თვის მანძილზე იყოს 1000 ლარი. თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და ჩვენი გადახდილი გადასახადები დაიზოგოს? თუ გაჭირვებაა, ყველამ ერთად გავიჭირვოთ. გთავაზობთ შევქმნათ პეტიცია და შევაგროვოთ ხელმოწერები.”
ნინო ჯანგირაშვილის ინიციატივას უერთდება ოპოზიცია. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა ქამრების შემოჭერა, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის და ბიზნესის დიდ ნაწილს ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვების დაწესებით, საარსებო წყრო წაართვა. თუმცა ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ამ ინიციატივას მმართველი გუნდის მხარდაჭერა არ ექნება.