საქარველოში კორონავირუსის მორიგი პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასულ 24 საათში ინფექცია 4 780 პაციენტს დაუდგინდა, რითიც საერთო მაჩვენებელი 123 470-მდე გაიზარდა. ინფიცირების ასეთი მაღალი დღიური მაჩვენებელი პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჯერ არ ყოფილა. ბოლო 24 საათში COVID-19-ს კიდევ 37 ადამიანი ემსხვერპლა. სულ ინფექციით 1161 პაციენტია გარდაცვლილი. იზრდება მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობა, მიმდინარე აქტიური შემთხვევების რიცხვმა კი 20 000-ს გადააჭარბა. ყველაზე რთული მდგომარეობა ისევ დედაქალაქშია, სადაც კოვიდინფექცია გასულ დღე-ღამეში 1 863 ადამიანს დაუდგინდა.
კორონავირუსის შემთხვევბი რეკორდულად მატულობს რეგიონებშიც. წითელ ზონებად თბილისის შემდეგ ისევ აჭარა და იმერეთი რჩება, თუმცა დღეს 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლში და 400-მდე – სამეგრელო-ზემო სვანეთში. კორონავირუსით გარდაცვალების 6 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. პაციენტების უმრავლესობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ბოლო მონაცემებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 210 პაციენტი მკურნალობს, მათგან 46 რეანიმაციულ განყოფილებაში, ხუთი კი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე და თქვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, 421 თავისუფალი საწოლია. თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე საველე ჰოსპიტლების მოწყობის საჭიროება არ დგას, ვინაიდან მისი განმარტებით, საველე ჰოსპიტალის ანალოგი კოვიდსასტუმროა. გაბუნიას განმარტებით, სავალე ჰოსპიტალს შესაბამისი სამედიცინო პერსონალი სჭრდება, რაც ქვეყანაში შეზღუდულია. მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ სექტემბრის ბოლოს სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო, რომელთა დიდი ნაწილი სამუშაო ადგილებს უკვე დაუბრუნდა. შეზღუდვების გაფართოების შედეგად ეპიდვითარების დასტაბილურებას ორ კვირაში ელოდება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე.
მზარდია ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში 3 489 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში განკურნებულთა რაოდენობა 102 270-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის კოვიდსასტუმროში 3 863 ადამიანი, ხოლო სახლში 9 899 პირი მკურნალობს. თვითიზოლაციაში რჩება 54 554 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 114 პირი.