ბიზნეს სექტორი უმკაცრესი შეზღუდვების მოლოდინშია – სულ რამდენიმე საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით ის რეგულაციები ამოქმედდება, რომელიც ექსპერტების პროგნოზით, ბიზნესს საბოლოოდ გაანადგურებს. ყველა თანხმდება, რომ საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებული ახალი ნორმები ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესს დაარტყამს, რაც ადამიანების სოციალურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ივა ჭყონია მოსალოდნელ კრიზისზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
ობიექტების დასაკეტად უკვე ემზადებიან ის რესტორნები, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში ისედაც მინიმალურ მოგებაზე მუშაობდნენ. დარგის ექსპერტების პროგონოზები არც ამ შემთხვევაშია სახარბიელო – ამბობენ, რომ შეზღუდვების მეორე ტალღის გადავლის შემდეგ ბიზნეს სექტორის დაახლოებით 70%, ვისაც შეზღუდვები პირდაპირ ან ირიბად შეეხო, დახურვის საფრთხის წინაშე დადგება.
მთავრობის მიერ შემოღებული შეზღუდვები სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა დიდი სავაჭრო ცენტრებისთვის, რომლებიც ახლა მთავრობას ერთობლივი განცხადებით მიმართავენ და დახმარებას სთხოვენ. ამბობენ, რომ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე იყო, თუმცა საბოლოოდ მათ მკაცრი ლოქდაუნი მიიღეს.
2021 წელი რომ ეკონომიკურად რთული წელი იქნება ეს პრემიერმა გახარიამ გუშინ მთავრობის სხდომაზევე აღიარა, თუმცა ეკონომისტებისთვის ჯერ კიდევ უცნობი რჩება ის გეგმა, რამაც ეკონომიკური რყევები უნდა დააზღვიოს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ასეთი გეგმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას არც პირველი ტალღის დროს და არც ახლა არ აქვს.
ქვეყანაში მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც წინასაწრი გათვლებით ასობით მილიონი ლარი შეეწირება, საგანგაშოა ოპოზიციისთვისაც. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ასეთ მძიმე დარტყმას ბიზნესი ვეღარ გაუძლებს, ისედაც გაღარიბებული მოსახლეობა კი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
ოპონენტების საპასუხოდ საქართველოს მთავრობის წევრები ირწმუნებიან, რომ მდგომარეობას სრულად აკონტროლებენ და მოქალაქეებს დახმარების ყველაზე ოპტიმალურ პაკეტს სთავაზობენ. ვიცეპრემიერი, მაია ცქიტიშვილის თქმით, ყველა თვითდასაქმებული ერთჯერად 300 ლარიან დახმარებას მიიღებს, ხოლო უსამსახუროდ დარჩენილი მოაქალაქები კი 1200 ლარს 6 თვის განმავლობაში.
რა ოდენობის თანხას დაკარგავს ქვეყნის ბიუჯეტი და როგორ აისახება ეს თითოეული მოქალაქის ჯიბეზე – დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოესი 1 წელი ქვეყნისთვის მძიმე იქნება.