კორონაპანდემია და მკაცრი შეზღუდვები – როგორ დაეხმარება სახელმწიფო მოსახლეობას | 26.11.2020

მთავრობის მიერ დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს დაგვიანებულს უწოდებენ ექიმები.  ამბობენ, რომ ხელისფულებას არჩევანი ცუდს და უარესს შორის ჰქონდა, თუმცა მათი თქმით ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებისთვის ეს ერთადერთი გამოსავალია.  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით ახლა დასაგეგმია თუ როგორ დაეხმარება სახელმწიფო მოსახლეობას, რა ეპიდემიოლოგიური ნაბიჯები გადაიდგმება და როგორ უნდა მომზადდეს ჰოსპიტალური სექტორი. ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ ჩაკეტვასთან ერთად საჭიროა მასობრივი ტესტირება, ჰოსპიტალური სექტორის გაძლიერება, ნაკადების უკეთესი მართვა და აქტიური საინფორმაციო კამპანია, წინააღმდეგ შემთხვევაში თვლის, რომ ჩაკეტვას აზრი არ აქვს.

შეზღუდვები რომ გამკაცრდებოდა მოლოდინი ჰქონდა გიორგი ჩალაძესაც. ვინაიდან განმარტავს, რომ ხელისუფლებამ ზაფხულის პერიოდი ვირუსის მეორე ტალღისთვის მოსამზადებლად ვერ გამოიყენა. გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ  ეს შეზღუდვები სწორედ ლოქდაუნი და ეკონომიკის გაჩერებაა. მისი თმით ამ შეზღუდვების ეფექტი ხალხის შიმშილი იქნება. ჩალაძე ხელისუფლების შეცდომებზეც საუბრობს და ამბობს, რომ თავის დროზე გადაწყვეტილებები არ იყო ეპიდემიოლოგების მიერ მიღებული, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ამიტომაც დადგა ქვეყანა დღეს ლოქდაუნის წინაშე.

კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა 4 000-მდეა. გასულ დღე-ღამეში ინფექცია 3 801 პაციენტს დაუდგინდა. COVID-19-ს კიდევ 39 ადამიანი ემსხვერპლა.  კორონავირუსის საერთო რაოდენობა ქვეყანაში უკვე 118 690-ია, ხოლო ინფექციამ ჯამში 1124 ადამიანი იმსხვერპლა. ვირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე რთული მდგომარეობა დედაქალაქშია. ბოლო 24 საათში ინფექცია თბილისში 1293 ადამიანს დაუდგინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 759, რომელთაგან 1000-მდე პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია. კორონავირუსის შემთხვევების გამო დაიხურა კლინიკა “გული”. ინფიცირებულია კლინიკის 70-მდე თანამშრომელი. თანამშრომლების ინფიცირების გამო კლინიკამ პაციენტების მიღება 10 დეკემბრამდე შეზღუდა.

დღევანდელი შემთხვევებით აჭარას იმერეთმა გადაუსწრო. იმერეთის რეგიონს გასულ დღე-ღამეში 793 ინფიცირებული შეემატა, ხოლო ზღვისპირა რეგიონს – 475. COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტებიდან 4 გარდაცვალების შემთხვევა ბათუმში დაფიქსირდა. პაციენტების ასაკი 61-დან 74 წლამდე იყო. კლინიკაში ადგილების არ არსებობის გამო კორონავირუსით მამა-შვილი გარდაიცვალა ახალციხეში. არსებული ინფორმაციით, კლინიკაში მისულ ინფიცირებულებს საავადმყოფოში მიღებაზე უარი უთხრეს, რადგან კლინიკაში თავისუფალი ადგილები არ აღმოჩნდა.

მზარდია ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. გასულ 24 საათში ინფექცია 3 200 პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 98 781-მდე გაიზარდა. კორონავირუსი 101 წლის ქალმა დაამარცხა ქუთაისში. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 53 516 ადამიანი, 3 920 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, 8 674 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.