გაჩერებული ეკონომიკა და გაკოტრების პირას მდგარი ბიზნესი – ახალი რეგულაციები ლოკდაუნს უტოლდება | 26.11.2020

გაჩერებული ეკონომიკა და გაკოტრების პირას მდგარი ბიზნესი – საქართველოს მთავრობის მიერ დღეს გამოცხადებული ახალი რეგულაციები, რომელიც ლოქდაუნს უტოლდება, კერძო სექტორისთვის ახალი დარტყმა აღმოჩნდა. სარესტორნო ბიზნესის მფლობელებმა უკვე დაიწყეს ფიქრი, როგორ უნდა შეინარჩუნონ 1 თებერვლამდე თანამშრომლები ისე, რომ სახელფასო ვალდებულებების გადახდაც შეძლონ. ამბობენ, რომ სარესტორნო ბიზნესი განადგურებისთვის განწირულია, მთავრობის იმედი კი არ აქვთ.

წინასწარი გათვლებით, მხოლოდ დახურული რესტორნების შედეგად სამსახურის გარეშე  დაახლოებით 200 ათასი ადამიანი დარჩება, რაც ისედაც რთულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო გაართულებს. რესტორნების ასოციაციის პრეზიდენტი, კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ რესტორნებისთვის მხოლოდ გატანის სერვისი არაფრის მომტანი იქნება, რადგან ამ მომსახურებით საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი სარგებლობს.

შეზღუდვების ახალი ტალღის გამოცხადების შემდეგ ბუნდოვანია იმ ადამიანების მომავალიც, ვინც ბაზრობებზე ტანსაცმლით ვაჭრობს. ხელისუფლების მხრიდან მათთვის შეთავაზებული ე.წ დისტანციური მუშაობის რეჟიმი მოვაჭრეებისთვის არასერიოზული აღმოჩნდა. ამბობენ, რომ საქმიანობის დაკარგვით ერთადერთ შემოსავალსაც კარგავენ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც საზოგადოება შაბათიდან დადგება, მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვაა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ტაქსით მგზავრობისთვის საკმარისი თანხა არ აქვთ, ამიტომ ახლა არ იციან როგორ უნდა გაადგილდნენ სამსახურამდე.

მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები, რომ ქვეყნის ეკონომიკას კიდევ უფრო ცუდ შედეგებს მოუტანს, ამაში დარწმუნებულები არიან დარგის ექსპერტები. ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ რეგულაციები, რომელიც სრულ ჩაკეტვას უტოლდება, ქვეყნის ეკონომიკას წლის ბოლომდე დამატებით კიდევ ნახევარი მილიარდით აზარალებს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი ჩიხური სიტუაციის ფონზე მთავრობას ხალხისთვის ანტიკრიზისული გეგმა ჯერ ისევ არ წარუდგენია.

რა გავლენა ექნება შეზღუდვებს ეკონომიკაზე და რამდენი ადამიანი დარჩება შემოსავლის გარეშე – ექსპერტების პროგნოზი დამაიმედებელი არაა. საზოგადოება კი ქვეყნის ხელისუფლებისგან ახლა იმ გეგმის წარდგენას ელოდება, რომელიც მათთვის ახლა სასიცოცხლოდ აუცილებელია.