მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს | 25.11.2020

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ადვოკატი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.  გიორგი ჭოჭუამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ადვოკატი ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის 1000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვს.

ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს, წერეთლის გამზირზე,  მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისის ერთ-ერთ  ფილიალში შეიჭრა და 17 ადამიანი მძევლად აიყვანა.   მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი  ზურაბაშვილი  დეპუტატების პარლამენტში შესვლას,  აზარტული თამაშების აკრძალვას,  სესხების წლიურ 7%–მდე დაწევას და მედიკამენტებზე ფასების შემცირებას ითხოვდა.  ბალისტიკური კვლევის მიხედვით დადგინდა,  რომ ბრალდებული  შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით არ ყოფილა,  შესაბამისად მას ეს მუხლი მოეხსნა. საგამოძიებო უწყება ზურაბაშვილს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას ედავება.  საქმეზე დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს დანაშაულის ჩადენის დროს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას.