კოვიდსიტუაცია ქვეყანაში და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი | 23.11.2020

საქართველოში ეპიდვითარება უკიდურესად მძიმეა. კოვიდპაციენტების სიმრავლის გამო კლინიკებში თავისუფალი საწოლები აღარ არის. ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, რომ კლინიკაში უკვე დიდი ხანია თავისუფალი ადგილები აღარ არის და პირველივე განთავისუფლებულ საწოლზე ათავსებენ მას ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება იმ წუთას სჭირდება. დავით გადელია მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან რეგულაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და ატარონ პირბადე.

“ჩვენ ერს ბევრად უფრო მძიმე განსაცდელისთვის გაუძლია; თუმცა, ჩემი ცხოვრების 60 წლის მანძილზე, არ მოვიტყუები, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ამ პანდემიას არც 90-იანების ომი და გასაჭირი შეედრება და არც უფრო ადრე გავრცელებული ქოლერის ეპიდემია. ჩემი უახლოესი ადამიანები, ოჯახის წევრები ავად არიან და ვცდილობ ოჯახის, ან კოვიდსასტუმროს პირობებში ვმართო. კლინიკაში ვინმეს მოთავსების არანაირი რესურსი არ მაქვს და სანამ დაავადებულს შესაძლებლობა აქვს, კიდევაც ჯობს სახლის ან სასტუმროს პირობებში იმკურნალოს, ვიდრე კლინიკაში 3-4 კაცთან იყოს პალატაში. ეს რაოდენობა რა თქმა უნდა არანორმალურია პალატისთვის, მაგრამ სახელმწიფომ კანონით დართო ნება კლინიკებს, პანდემიის დროს არ მიაქციონ ყურადღება სალიცენზიო პირობებს. ამას ერთი ახსნა აქვსსხვა შესაძლებლობა არაა და შემდეგი აუცილებელი ნაბიჯი იქნება სპორტულ დარბაზებში საწოლების და ჟანგბადის ბალონების ჩადგმა ისევე, როგორც მოხდა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამ დროს კი საერთოდ რა პირობებზე იქნება საუბარი. ვინც მიცნობს იცის, რომ მუდმივად მორალურ სტრესში ვარ იმის გამო, რომ ვერ გეხმარებით ყველას, რადგან არანაირი თავისუფალი საწოლი დიდი ხანია კლინიკაში არ გვაქვს და პირველივე განთავისუფლებულში ვათავსებთ მას, ვისაც იმ წუთას სჭირდება,” – წერს სოციალურ ქსელში ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი.

კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის გამო შექნილ პრობლემებზე საუბრობს მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორიც. ლიკა მუმლაძე ამბობს, რომ ხშირია შემთხვევა როდესაც მძიმე პაციენტებს კლინიკაში საწოლების არარსებობის გამო ვერ ათავსებენ.

კოვიდკლინიკების ხელმძღვანელები რეგულაციების გამკაცრების და საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. საქართველოს კლინიკების ასოციაციაცია განცხადებას ავრცელებს და მთავრობას მიმართავს, რომ დიდი კლინიკების მიმდებარედ დაუყოვნებლივ გაიხსნას  300-500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინვენტარით. გარდა ამისა, კლინიკების ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ვირუსთან ბრძოლის საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთონ სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები და სანიტრები. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით აუცილებელია რეგულაციების გამკაცრებაც, მაგრამ არა “ლოკდაუნი”, რასაც მათი თქმით საქართველოს ეკონომიკა და სოციალური სფერო ვერ გაუძლებს.

ჯანდაცვის სისტემის კოლაფსზე საუბრობენ სპეციალისტებიც, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს პანდემიის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებენ. ექსპერტები მთავრობას მოუწოდებენ ყოველდღიური სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვონ.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე 1000 გადააჭარბა. ბოლო 24 საათში COVID-19-ს კიდევ 36 ადამიანი ემსხვერპლადა, რითიც  გარდაცვლილთა რაოდენობა 1012-მდე გაიზარდა. ისევ საგანგაშოდ მზარდია ინფიცირებულთა სტატისტიკაც. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი კიდევ 3958 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 108 690 შეადგინა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ თბილისში, აჭარასა და იმერეთში დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში აჭარაში 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. კლინიკაში ამჟამად 212 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 48 რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი 3531-მა პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით კოვიდ სასტუმროებში 3736 ადამიანია მოთავსებული, 8525 პირი კი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში 54 167 ადამიანი იმყოფება.