მოლაპარაკაბების მესამე რაუნდამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიცია ევროკავშირს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს შეხვდა. კარლ ჰარცელის რეზიდენციაში დღეს ის ოპოზიციური პარტიები მივიდნენ, რომლებიც ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ბოიკოტს უცხადებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. შეხვედრიდან გამოსული ლიდერები შეხვედრის დეტალებზე პირდაპირ არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ელჩები მათთან შეხვედრით პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევას ცდილობენ.
ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის ელჩმა. კელი დეგნანი პოზიტიურად აფასებს იმას, რომ პოლიტიკური პარტიები გამოსავლის პოვნას ცდილობენ. დეგნანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებული საკითხი არა ამერიკამ და ევროკავშირმა, არამედ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ.
“ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, რომ ოპოზიცია დიალოგისთვის მზად არის, თუმცა მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ხელისუფლებამ შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ელჩებიც სწორედ ამ მიმართულებით უნდა მუშაობდნენ.
დღესვე, სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოქვეყნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა. ის წერს, რომ ოპოზიციის ამოცანა ახლა განსხვავებული საარჩევნო გარემოს მიღება უნდა იყოს. სამადაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ბოიკოტი არავისთვის არ იქნება გამარჯვება, ვინაიდან ერთპარტიული პარლამენტის მიღება ყველას წარუმატებლობას ნიშნავს.
დღეს დილიდან შუამავალ ელჩებთან მოლაპარაკებები განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობდა. კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს ინდივიდუალურად შეხვდნენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ელჩებთან დაწყებული მოლაპარაკებები პოლიტიკურ კრიზისს წაადგება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა უნდა მიიღოს.