კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი – ბოლო 24 საათში საქართველოში ინფექცია 3 768 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს გასულ დღე-ღამეში კიდევ 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორონავირუსით დაიღუპა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ეპისკოპოსი, 65 წლის ლაზარე სამადბეგიშვილი. ის ონკოპაციენტი იყო და თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ბოლო 3 დღის განმავლობაში კი კონტაქტური არ იყო. ეპისკოპოსი ლაზარე 1982 წლის 21 მარტს ხელდასმულ იქნა მღვდლად. მოგვიანებით აღიკვეცა მონაზვნად და არქიმანდრიტის წოდებით მრავალი წელი მსახურობდა საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. 2016 წლიდან დაადგინეს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსად. საპატრიარქომ სამძიმრის წერილი სოციალარ ქსელში გაავრცელა და ეპისკოპოსის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 894-ს, ხოლო ინფიცირების საერთო მაჩვენებელი 96 860-ს შეადგენს. ჯანდაცვის სისტემა პანდემიას ვეღარ უმკლავდება, რის გამოც საკოორდიანციო საბჭო საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებში შეზღუდვების დაწესების საკითხზე მსჯელობს. პანდემიის ეპიცენტრად ისევ დედაქალაქი რჩება, სადაც 24 საათში ინფექცია 1 443 ადამიანს დაუდგინდა და 19 პაციენტი გარდაიცვალა. გასულ დღე-ღამეში რეკორდული მაჩვენელი დაფიქსირდა ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამინების კუთხითაც. ასეთი ბოლო 24 საათში 4 055 ადამიანია.
თბილისის შემდეგ ცხელ წერტილებად ისევ აჭარაა – 676 ახალი კოვიდინფიცირებულით, და იმერეთი – 541 ახალი კორონაპაციენტით რჩება. გასულ დღე-ღამეში აჭარაში – 5, იმერეთში კი – 12 პაციენტი დაიღუპა. COVID-19-ს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა ქობულეთში. 72 წლის ინფიცირებული მედიკოსი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა, მას ორმხრივი პნევმონია და ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდა. კორონავირუსის შემთხვევები რეკორდულად მატულობს ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. ქუთაისში კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში 13 კოვიდინფიცირებული ორსული შეიყვანეს. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 40 ორსულია მოთავსებული.
ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდება დღეს თენგიზ ცერცვაძეს. ქვეყნის პირველი ინფექციონისტი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, საავადმყოფოში გადაიყავნეს. ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. მას ორმხრივი კოვიდ პნევმონია და იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება აღენიშნება. რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას სახლში აგრძელებს.
65-ით გაიზარდა კოვიდნფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ აფხაზეთში. 2 პაციენტი კი გარდაიცვალა. რეგიონში სულ 140 აქტიური შემთხვევაა ,3603-მა პირმა ინფექცია დაამარცხა, ხოლო 67 დაიღუპა.
57 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით გარდაცვილთა რიცხვმა მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 18%-ით გაიზარდა. მათი განცხადებით, ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება. ვირუსით გარდაიცვალა სერბეთის პატრიარქი ირინეოსი. 90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
კორონავირუსის ყველაზე მეტი – 12 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს 9 მილიონი შემთხვევით ინდოეთი იკავებს, მესამეზე კი 5.9 მილიონი ინფიცირებულით ბრაზილიაა. რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა რუსეთში. სპეციალური საკარანტინო რეჟიმი დეკემბრის ბოლომდე გახანგრძლივდა აზერბაიჯანში. უკრაინაში კი ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 13 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. შეზღუდვებს რამდენიმე ქალაქში ამკაცრებს სამხრეთ კორეა. ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა იაპონიაში, ქვეყენაში ვირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 2 ათასს გასცდა. ჩინეთში კი განვლილ 24 საათში, ვირუსი მხოლოდ 12 ადამიანს დაუდასტურდა, ყველა შემთხვევა იმპორტირებულია.