ქვეყანაში კოვიდინფიცირების საერთო მაჩვენებელი უკვე 93 000-ზე მეტია | 19.11.2020

3 697 ახალი შემთხვევა, 38 გარდაცვლილი  და 2 409 განკურნებული – ასეთია კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა. ქვეყანაში ინფიცირების საერთო მაჩვენებელი უკვე 93 000-ზე მეტია, ხოლო აქტიური შემთხვევა 18 336-ია. ყველაზე მეტი ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევა ისევ დედაქალაქში ფიქსირდება. თბილისის შემდეგ ცხელ წერტილებად აჭარა და იმერეთი რჩება. ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების ფონზე წერტილოვანი შეზღუდვების შესაძლო გაფართოებაზე განცხადება მთავრობაში დღესაც გაკეთდა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, შეეხება თუ არა შეზღუდვები ზამთრის კურორტებს ჯერჯერობით უცნობია.

115 კრიტიკული კორონაპაციენტი ჰყავთ ზღვისპირა რეგიონში. აჭარაში გასულ დღე-ღამეში ვირუსს 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ასაკი 62-დან 84 წლამდეა.

უცვლელია კოვიდინფიცირებული თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს ისევ თავის და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე აწუხებს. როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის Facebook-ის გვერდზე წერს, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდება, მკურნალობას სტაციონარში გააგრძელებს.

39 ახალი კოვიდინფიცირებული შეემატა და 1 ადამიანი გარდაიცვალა ოკუპირებულ აფხაზეთში. გუდაუთის საავადმყოფოში 68 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 27 პაციენტი. 36 კორონაპაციენტი ჰყავთ სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო მობილურ ჰოსპიტალში 35 პაციენტია მოთავსებული.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში ისევ მზარდია. ორ მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებულით საფრანგეთი უკვე ევროპაში  პირველზე, ხოლო მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატების, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ. მკაცრი კარანტინი მოქმედებს საფრანგეთში, ბელგიაში, ინგლისსა და ავსტრიაში. მიუხედავად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, სახელმწიფოების ნაწილში მოქალაქეები დაწესებულ მკაცრ რეგულაციებს აპროტესტებენ. სამართალდამცველებმა დემონსტრანტები დაშალეს გერმანიაში. 250 000-ს გადააჭარბა კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ “ფაიზერისა” და “ბიოტექის” ვაქცინის კლინიკური ცდის საბოლოო შედეგებმა პრეპარატის 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.