” სახელმწიფო მდივანთან იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ, არ არის” | 18.11.2020

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს “ქართული ოცნება” სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. პარტიის აღამსრულებელმა მდივანმა მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ მაიკ პომპეო ოპოციას არ შეხვდა. კობახიძის თქმით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან  იმ პოლიტიკური პარტიების ადგილი, რომლებიც რუსულ საქმეს აკეთებენ, არ არის.

ირაკლი კობახიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადებაც შეაფასა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ “საქართველოში პოლიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ”. კობახიძის თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და დაცული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. კობახიძის თქმით,  საჯაროდაც ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ.

დღესვე მმართველმა პარტიამ ოპონენტები არჩევნებთან დაკავშირებით დებატებში კიდევ ერთხელ გამოიწვია. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ეს იქნება კლასიკური დებატები და არა შოუ. მან დღეს კონკრეტული ტელევიზიაც დაასახელა, თუ სად შეიძლება გაიმართოს დებატები. კობახიძე ამბობს, რომ “ქართლი ოცნების” სითამამეს ზურგს სიმართლე უმაგრებს, ხოლო მისივე თქმით, ოპოზიციის თავშეკავებას საფუძვლად სიყალბე უდევს.