საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა დაწესებული ახალი სტანდარტები – IRI-ის ანგარიში | 16.11.2020

საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ვერ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო და საარჩევნო ცვლილებებით დაწესებული ახალი სტანდარტები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნდობა შეამცირა – საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საპარლამენტო არჩევნების შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. IRI-ის შეფასებით 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში და ქვეყნის კანონმდებლობის დაცვით ჩატარდა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა დარღვევებმა, ნეგატიურად იმოქმედა არჩევნების სრული პროცესის სანდოობაზე. მათ შორის ანგარიშში ნახსენებია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, დამკვირვებლებზე ზეწოლა, საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ციფრებით მანიპულირება და შედეგების მართვის პროცესი, რომელიც ორგანიზაციის აზრით საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად არასაკმარისად გამჭვირვალე იყო. IRI საქართველოს მთავრობას და პოლიტიკურ აქტორებს, პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესებისა და არჩევნების მეორე ტურების ხარისხის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციებსაც სთავაზობს.

“პროცედურული კუთხით, შედეგების შეჯამების გაუმართავმა სისტემამ, რაც შესაძლო მანიპულაციის ეჭვს აჩენდა, კიდევ უფრო შეასუსტა მოსახლეობის ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ და ეჭვქვეშ დააყენა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმი. საარჩევნო დავების განხილვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა განსაკუთრებით იმ დავებზე, რომლებიც ეხება არჩევნების შედეგების გადათვლასა და გაუქმებასსწრაფად უნდა განიხილონ საჩივრები. იმ უბნებზე, სადაც არსებობს შედეგებით მანიპულირების შემთხვებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ეჭვქვეშ დგას შედეგების დათვლის მთლიანობა, ხმები ხელახლა უნდა გადაითვალოს და უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ოქმების ნაწილი შესწორებულ იქნა კანონიერი მიზეზით, მაგალითად, არასწორი დროის, ხელმოწერის ან მცირე მათემატიკური შეცდომის გამო, დარჩენილი ნაწილის შემთხვევაში ეს ასე არ იყო. არჩევნების დღის შემდგომ, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა შენიშნა რომ არჩევნების შედეგების შეჯამების პროცედურები არ იყო საკმარისად გამჭვირვალე და ხელსაყრელი იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები სანდოდ იქნეს მიჩნეული. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შეფასებით, ცესკო არჩევნების შედეგების შეჯამების სისტემამათ შორის, შემაჯამებელი ოქმების განხილვა, მოიცავს სუსტ მექანიზმებს იმისთვის, რომ მოხდეს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგების ჯვარედინი შემოწმება, მათემატიკური სიზუსტის უზრუნველყოფა და გადამოწმება, შედეგების საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნამდე,”ნათქვამია ანგარიშში.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციისგან მწვავე შეფასებას ელოდნენ ოპოზიციაში. პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ IRI-ის შუალედური ანგარიში უკიდურესად კრიტიკულია და ის ადასტურებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მათი თქმით 31 ოქტომბრის არჩევნები არ შეესაბამებოდა დემოკრატიულ სტანდარტებს, რაც დასავლელი პარტნიორებისთვისაც ცნობილი გახდა.

არჩევნებზე დაფიქსირებულ გადაცდომებს და შემაჯამებელ ოქმებში გამოვლენილ ხარვეზებს არ უარყოფენ მმართველ გუნდში თუმცა აცხადებენ, რომ დაუბალანსებელი ოქმების რაოდენობა მცირეა, რაც  არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. “ქართული ოცნების” წევრები IRI-ის შუალედურ ანგარიშში ყურადღებას ძირითადად რეკომენდაციებზე ამახვილებენ და ოპონენტებს ურჩევენ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები სრულად წაიკითხონ.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტი პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიზნით, პოლიტიკურ პარტიებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ თავი შეიკავონ მწვავე რიტორიკისგან, პროვოკაციებისა და ზეწოლისგან. IRI თვლის, რომ მხარეები კონსტრუქციულ დიალოგში უნდა ჩაერთონ.