მეორე ტურებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადება. უკვე ცნობილია, რომ 21 ნოემბერს, მეორე ტურების დღეს ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა წერტილში შეიკრიბება, თუმცა რა ფორმა ექნება საპროტესტო აქციებს ეს ჯერ უცნობია. ოპოზიციის ნაწილი მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებს, რაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში დღეს გამართულ მორიგ შეხვედრაზე ხელისუფლების ოპონენტებმა მათ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს და საჯარო განცხადება ბოიკოტის შესახებ კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამბობენ, რომ არჩევნების ტოტალური გაყალბების პირობებში ისინი არჩევნების შედეგების აღიარებას და პარლამენტში შესვლას ისევ არ აპირებენ, რაც მათი მხრიდან ხმამაღალ პროტესტში იქნება გამოხატული.
დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით “ქართულ ოცნებასთან” დაწყებული მოლაპარაკებების ფონზე ოპოზიცია იმედს იტოვებს, რომ დიალოგი კონკრეტულ შედეგს მოიტანს და ივანიშვილის გუნდი ვადამდელ ან ხელახალ არჩევნებს დანიშნავს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მათი მხრიდან კომპრომისი იქნება, თუმცა ეს დათმობა მათ 3 მთავარ მოთხოვნებს არ შეეხება.
მესამე რაუნდის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ბარიერს მიღმა დარჩენილმა პარტიებმა ჯერ კიდევ არ იციან რა ბედი ელით მათ და შეძლებენ თუ არა ისინი დიპლომატიურ კორპუსთან პირადად შეხვედრას. ლიდერებმა დღეს დაადასტურეს, რომ ეს საკითხი ელჩ დეგნანთან პირველივე შეხვედრაზე დააყენს, თუმცა მათ პასუხი ამაზე ჯერ არ მიუღიათ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 2 კვირის შემდეგ ქვეყანაში ისევ პოლიტიკური კრიზისია, რაც მხარეების აზრით, მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. ოპოზიცია ახლა 18 ნოემრბის აქციისთვის ემზადება. ისინი ამერიკის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საზეიმოდ დახვდებიან. გამოსვლა პოლიტიკური მოწოდებების გარეშე ჩაივლის.