ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითიდღე მძიმდება. უარესდება მსოფლიო რეტინგში საქართველოს მაჩვენებელიც, რომლის თანახმადაც კორონავირუსის ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით ქვეყანამ 67-ე ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო 24 საათში COVID-19-ს კიდევ 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 636-მდე გაიზარდა. მათ შორის 13 პაციენტი თბილისში მკურნალობდა, ხოლო 10 – აჭარაში. კორონავირუსს მორიგი ახალგაზრდა პაციენტი ემსხვერპლა. 32 წლის ქალი ბათუმის რესპუბლიკურ სააავდმყოფოში მკურნალობდა. ექიმების თქმით, მას არანაირი თანმხლები დაავადება არ ჰქონდა, თუმცა მათივე განმარტებით, როდესაც ინფიცირებულმა კლინიკას მიმართა, ფილტვის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 100 წლის პაციენტიც ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში.
გასულ დღე-ღამეში რეკორდულად გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. COVID-19 კიდევ 3 473 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 17 000-მდე აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 357 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ყველაზე მეტი შემთხვევა – 1493, ისევ დედაქალაქში დაფიქსირდა. თბილისის შემდეგ ცხელ წერტილებად აჭარა და იმერეთი რჩება. თუმცა მიუხედავად ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელებისა, საკოორდიანციო საბჭოს სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ ითქვა, რომ გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია და სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება. იზრდება COVID-19-სგან განკურნებულთა რიცხვიც. ბოლო 24 საათში ვირუსი 3 342 პირმა დაამარცხა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 55 511-ი გახდა. კორონავირუსი დაამარცხა ეკონომიკის მინისტრმაც. ნათია თურნავა მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა.
მძიმე ეპიდსიტუაციია ოკუპირებულ რეგიონებშიც. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში. გუდაუთის საავადმყოფოში 89 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 25 პაციენტი. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 32 კოვიდდადასტურებული პირი მკურნალობს, მობილურ ჰოსპიტალში კი 32 პაციენტია მოთავსებული. ოკუპირებულ აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსით 58 ადამიანია გარდაცვლილი.
რეკორდულად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოშიც და 53 მილიონს გადააჭარბა. კორონავირუსის ყველაზე მეტი – 11 მილიონამდე შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი 8 მილიონზე მეტი შემთხვევით იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა 6 მილიონამდე ინფიცირებულით. მსოფლიოში მილიონზე მეტი შემთხვევა საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, არგენტინაში, გაერთანებულ სამეფოსა და კოლუმბიაში ფიქსირდება. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, კორონავირუსის 1 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 29 ადამიანი გარდაიცვალა სომხეთში. რუსეთში 22 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 411 პაციენტი დაიღუპა, ხოლო თურქეთში 2,841 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა და 88 პაციენტი გარდაიცვალა.