კორონავირუსის მზარდი სტატისტიკის ფონზე, პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სისტემაში არსებული რესურსების ამოწურვის საფრთხეებზე საუბრობს, თუმცა ვირუსითან ბრძოლის მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას აგრძელებს. გიორგი გახარია ამბობს, რომ სამედიცინო მომსახურება პირველ რიგში, იმ ადამიანებმა უნდა მიიღონ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. პრემიერი ამბობს, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მოქალაქეებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს.
ბოლო 24 საათში COVID-19-ის რეკორდული 3120 შემთვევა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში ინფექციას კიდევ 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი ისევ დედაქალაქში ფიქსირდება. კორონაპაციენტები ყველა რეგიონებში მატულობს, თუმცა ცხელ წერტილებად ისევ თბილისი, აჭარა და იმერეთი რჩება. კორონავირუსი დაუდგინდა სოფლის მეურნეობის მინისტრს და ზუგდიდის მერსაც.
გასულ დღე-ღამეში 11 პაციენტი გარდაიცვალა და 502 ახალი შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში. გარდაიცვალა 73 წლის პაციენტი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა, მას ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი პალატაში მარტო იმყოფებოდა, თუმცა რა გახდა მისი ფანჯრიდან გადავარდნის მიზეზი უცნობია.
მომატებული შემთხვევების გამო სპეციალისტები მოქალაქეებს რეგულაციების მკაცრი დაცვისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ექიმ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ნოემბრის ბოლოს მოსალოდნელია შემთხვევების მკვეთრი მატება. მისივე თქმით, ქვეყანას ლოქდაუნის გამოცხადების შემთხვევაში უფრო მარტივად ექნება საქმე.
კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 ადამიანი გარდაიცვალა ოკუპირებულ აფხაზეთში. გუდაუთის საავადმყოფოში 94 კოვიდინფიცირებული იმყოფება, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 21 პაციენტი. 30 კოვიდპაციენტი მკურნალობს სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ხოლო 39 პაციენტია მოთავსებული სოხუმის მობილურ ჰოსპიტალში. 46-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდნეობა ოკუპირებულ ცხინვალშიც.
რეკორდულად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოშიც და 53 მილიონს უახლოვდება. ინფექციის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა უკრაინაში, რის გამოც ხელისუფლებამ არასამუშაო დღეებში მკაცრი შემზღუდავი ზომების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. საავადმყოფოში გადაიყვანეს კორონავირუსით ინფიცირებული უკრაინის პრეზიდენტი. ახალი შეზღუდვები წესდება ნიუ-იორკშიც, რაც ქალაქის მერმა მეორე ტალღის შეჩერების უკანასკნელ შანსად შეაფასა. მილიონს გადააჭარბა იბნფიცირებულთა რაოდენობამ იტალიაში, ხოლო საფრანგეთმა ინფიცირებულების რაოდენობით რუსეთს გაუსწრო და მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში. ევროკავშირმა კორონავირუსის ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით Pfizer-სა და BioNTech-თან შეთანხმება უკვე გააფორმა. ევროკავშირი ვაქცინას 2020 წლის დასრულებამდე მიიღებს. თუ რა პრინციპით მიიღებს მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს ჯერჯერობით უცნობია.