პროტესი, მსვლელობა, ოპოზიციის მასშტაბური აქცია და სროლა ივანიშვილის შუშის სასახლესთან | 06.11.2020

ოპოზიციის მასშტაბური საპროტესტო აქცია და სროლა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. ადგილზე სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ რამდენიმე გასროლა მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ გაიგეს, რის შემდეგაც საავტომობილო გვირაბის შიდა ტერიტორიაზე  ტყვიის 6 მასრა იპოვეს.  აქტივისტები დარწმუნებულნი არიან, რომ გასროლა იმ აქციის შესაჩერებლად მოხდა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა. ვინ არის მსროლელი ან რა ტიპის იარაღიდან განხორციელდა გასროლა ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია  ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. მომხდართან დაკავშირებით საქმე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით უკვე აღიძრა.

ივანიშვილის შუშის სასახლესთან შკრებილი აქტივისტები  აცხადებდნენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, რასაც მათივე განცხადებით, ცესკოს მიერ გამოქვეყნებული  დაუბალანსებელი ოქომებიც ადასტურებს.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლამდე “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”  საავტომობილო საპროტესტო  მსვლელობა თბილისში დღეს ერთდროულად  რამდენიმე ლოკაციაზე მოაწყო.  პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად  სიგნალებისა და შეძახილების ფონზე, ცესკოს, შსს-ს, კანცელარიისა და მოდულის შენობების გავლით რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც  ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლეს და დღის შემაჯამებელი საპროტესტო აქცია გამართეს.

საქართველოს მასშტაბით საპროტესტო ტალღა 31 ოქტომბრის ღამეს დაიწყო. მას შემდეგ რაც არჩევნებზე გამოგვლენილი დარღვევების გარდა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ საარჩევნო ოქმებში მასშტაბური უზუსტობები აღმოაჩინა. პოლიტიკურმა პარტიებმა ათასობით საჩივარი დაწერეს, თუმცა ცესკოს გადაწყვეტილებით ამ საჩივრების განხილვა საოლქო კომისიებში ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს.