2 401 ახალი ინფიცირებული, 20 გარდაცვლილი და 2 289 განკურნებული – ასეთია კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათში. 293 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, ხოლო 638-ის მდგომარეობა მძიმეა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით თბილისში – 10, აჭარაში – 2 , იმერეთში – 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი გარდაიცვალა.
ცხელ წერტილებად ისევ დედაქალაქი, აჭარა და იმერეთი რჩება. ბოლო 24 საათში მხოლოდ თბილისში 976 ადამიანი დაინფიცირდა, აჭარაში – 328, იმერეთში კი – 368. კარანტინი გამოცხადდა ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში, სადაც COVID-19 სამ ბენეფიციარს და ათ თანამშრომელს დაუდასტურდა. 17-მდე გაიზარდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების რაოდენობა. კლინიკაში მყოფი 212 პაციენტიდან რეანიმაციულ განყოფილებაში 49 პირი რჩება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 63 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ ცხინვალში. 79 ახალი კოვიდპაციენტი შეემატა ოკუპირებულ აფხაზეთსაც. რეგიონში გამოვლენილია კორონავირუსის 4 505 შემთხვევა, აქედან 47 ადამიანი გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოში 9 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. გამოვლინდა 600 000-მდე ახალი შემთხვევა. 4 კვირით საყოველთაო კარანტინი დაწესდა ინგლისში, შეზღუდვების ფარგლებში დაიხურა ყველა არა აუცილებელი მაღაზია და დაწესებულება. მოქალაქეებს კი სახლიდან გასვლისგან მაქსიმალურად თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. მძიმეა ვითარება საფრანგეთში, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 40 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 400 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება ესპანეთშიც. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 623 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, მას მოჰყვება ინდოეთი და ბრაზილია.