კორონავირუსის მორიგი რეკორდი – ბოლო 24 საათში COVID-19 ქვეყანაში 2295 ადამიანს დაუდგინდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 46 817-მდე გაიზარდა. კორონავირუსის ყველაზე მეტი – 989 ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. ყველაზე აქტიურ წითელ ზონად ისევ თბილისი, აჭარა და იმერეთი რჩება. გასულ დღე-ღამეში ინფექციამ კიდევ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. COVID-19-ით ქვეყანაში სულ 381 ადამიანია გარდაცვლილი. რაც შეეხება განკურნებულებს, ბოლო 24 საათში 2 537 პირი გამოჯანმრთელდა.
გასული დღე-ღამეში კორონავირუსის დიაგნოზით 9 პაციენტი გარდაიცვალა აჭარაში. ასაკი 57-დან 83 წლამდე იყო. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თქმით, გარდაცვლილი ხუთივე პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ამჟამად კი კლინიკაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე 14 პაციენტი რჩება.
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები შევიდა ძალაში. პირბადის გამოყენება ამიერიდან სავალდებულო ხდება არა მარტო დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც. 10 ქალაქში სკოლები 25 ნოემბრამდე სწავლების დისტანციურ რეჟიმზე ოფიციალურად გადადიან. ასევე დღეიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე რესტორნები და ბარები 22:00 საათზე დაიკეტება.
კორონავირუსის 77 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 104 კლოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 23 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. საერთო ჯამში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 4426 შემთხვევაა დაფიქსირებული. 2430 ადამიანი განიკურნა, 45 კი დაიღუპა.
48 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში. ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით 8 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. ვითარება განსაკუთრებით მძიმდება ევროპაში. ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი სწორედ ევროპაში გამოვლინდა. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, უნგრეთში კომენდანტის საათი დაწესდა, დაიხურა ბარები და გასართობი დაწესებულებები. დამატებითი შეზღუდვების დაწესების განკარგულება გასცა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, იკრძალება საჯარო ადგილებში ორ ადამიანზე მეტის შეკრება, გარდა ერთი ოჯახის წევრებისა. დაიხურა ასევე მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, ზოოპარკები და გასართობი პარკები. ახალ შეზღუდვებს აწესებს თურქეთიც, კერძოდ კაფეები, რესტორნები, სალონები, საქორწილო დარბაზები, თეატრები და სხვა დაწესებულებები 22:00 საათის შემდეგ დაიხურება.