პირბადეების ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება – მთავრობა ახალ რეგულაციებს აწესებს | 03.11.2020

პირბადეების ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული ზრდის გამო მთავრობა ახალ რეგულაციებს აწესებს. თუმცა ახალი რეგულაციები მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებს ითვალისწინებს და ლოქდაუნი არ იგეგმება. ხვალიდან მათ ვისაც პირბადე  როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში არ ეკეთება, 20 ლარით დაჯარიმდება. პირბადის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს დღეს ეპიდემიოლოგებმა და თქვეს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და თავშეყრები, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წყაროა. თუმცა, იმის გამო, რომ  პოლიტიკურ პროცესს ვერავინ აკრძალავს, გამყრელიძე მოსახლეობას რეგულაციების დაცვას სთხოვს.

საკოორდინაციო საბჭომ დღეს ასევე  გადაწყვიტა, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლის დისტანციური რეჟიმი ყველა კლასისთვის 25 ნოემბრამდე გაგრძელდეს. დღესვე გაირკვა,რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დღეს დისტანციურად წარმართა მთავრობის მეთაურმა. გიროგი გახარია, რომელიც კოვიდდადებითია, თავს კარგად გრძნობს. COVID-19-ზე ტესტის პასუხს ელოდება განათლების მინისტრიც, რომლის ოჯახის წევრსაც ინფექცია უკვე  დაუდგინდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევებმა ისევ რეკორდულად მოიმატა და ინფიცირების 1 943 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ცხელ წერტილებად დედაქალაქი, აჭარა და იმერეთი რჩება. გასულ დღე-ღამეში COVID-19-მა 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,  7- თბილისში, 5 -აჭარაში, 6 მერეთში, 1  შიდა ქართლში, ხოლო 1 – მცხეთა-მთიანეთში. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი.

43-მდე გაიზარდა COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი ოკუპირებულ აფხაზეთში. კოვიდინფიცირებულებს კი კიდევ 47 პაციენტი შეემატა. კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა დადსტურდა ოკუპირბეულ ცხინვალშიც.

მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 47 მილიონს გადააჭარბა. COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად მსოფლიოს ქვეყნები ახალ რეგულაციებს აწესებენ. დღეიდან გერმანიაში ბარები, კინოთეატრები, მუზეუმები, ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები დაიხურება. დასაშვები იქნება მაქსიმუმ 10 ადამიანის შეკრება. ახალი რეგულაციები დააწესა კანადამ მოგზაურებისთვის. პანდემიასთან გამკლავების მიზნით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს პორტუგალიის მთავრობაც. გასულ დღე-ღამეში ირანში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, საფრანგეთში კი ჰოსპიტალიზების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.