ახალი პარლამენტი ოპოზიციის გარეშე – ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებისთვის ემზადება | 02.11.2020

მეათე მოწვევის  პარლამენტი ოპოზიციის გარეშე – არჩევნებიდან მეორე დღეს 8 ოპოზიციური პარტიიდან შედეგებს არცერთი არ აღიარებს და მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს აანონსებს. კონსულტაციები კონკრეტული შედეგით უკვე დასრულდა. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ამიტომ ისინი პარლამენტში არ შევლენ, ბოიკოტის გზით კი ხელისულფებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აიძულებენ.

პარლამენტში შესვლაზე საჯარო უარი უკვე გამოაცხადა “ევროპულმა საქართველომ”. შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი ხარვეზები მათთვის დასტურია იმისა, რომ ივანიშვილმა ცესკოს კონკრეტული ციფრები დაუკვეთა, თამარ ჟვანიამ კი ის ოფიციალურად გააფორმა. არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და მანდატებზე უარს ამბობენ  მამუკა ხაზარაძის “ლელო” და “ლეიბორისტული პარტია”. ამბობენ, რომ არჩევნები ლეგიტიმურად ვერ გამოცხადდება, რადგან შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.

არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და საერთო ოპოზიციურ პროტესტს უერთდებიან “გირჩი” და “სტრატეგია აღმაშენებელი”. პარტიის ოფისებში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგებზე პარტიების ლიდერებმა ღიად თქვეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ასეთ პარლამენტში კი ისინი ადგილს ვერ ხედავენ.

დაინიშნება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ბრძოლის რა გზა უნდა აირჩიოს ოპოზიციამ – ქვეყანაში შექმნილი ახალი პოლიტიკურ რეალობის შესახებ დღეს დეტალური ინფორმაცია ეუთო/ოდირის წარმომადგენლებსაც მიაწოდეს. ყველანი თანხმდებიან, რომ ხელისუფლების იძულება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები შეუსრულებელ ამოცანად დარჩება თუ პროცესში საერთაშორისო მხარის ჩართულობა არ გაიზრდება.

კიდევ ერთი პარტია, რომელიც ამ დრომდე ფიქრობს “პატრიოტთა ალიანსია”. ცესკოს ოფიციალური შედეგებით ირმა ინაშვილის პარტიამ ხმების 3.1% მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ პარლამენტში სავარაუდოდ, 4 წარმომადგენელი ეყოლებათ. დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად “პატრიოტთა ალიანსშიც” თანხმდებიან, რომ ხელისუფლებამ შედეგები გააყალბა, თუმცა ოფიციალური პოზიცია შესვლა-არშესვლის საკითხზე პარტიის ლიდერს ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.

ოპოზიციის უპრეცენდენტო ერთიანობის ფონზე საპარლამენტო არჩევნებში უკვე მესამედ გამარჯვებული “ქართული ოცნება” მრავალპარტიულ პარლამენტს ელოდება და ოპოზიციას გონს მოგებას ურჩევს. პარტიაში ამბობენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ამიტომ ოპოზიციის პროტესტი უსაფუძვლოა.

2020 წლის  არჩევნებმა ჩაიარა, თუმცა  ცესკო ახლა მეორე ტურებისთვის ემზადება. თუმცა პოლიტიკური პარტიები ბოიკოტის რეჟიმში გადადიან და  ქუჩის გამოსვლებს აანონსებენ. მთავარი მოთხოვნით, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,  ოპოზიციური სპექტრი მაშტაბურ აქციას პარლამენტის წინ კვირას გამართავს.