არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 10 დღეში, ახლარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია მუშაობას შეუდგეს, თუ სხდომას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა ესწრება.
მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატითა და 30 მაჟორიტარით იქნება წარმოდგენილი. ეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემით ტარდება, რადგან საქართველოს კონსტიტუცია მომდევნო არჩევნებიდან სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისიწინებს.
მეათე მოწვევის პარლამენტი მხოლოდ 30 მაჟორიტარი დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებულად ის კანდიდატები ჩაითვლებიან, რომლებიც ხმების ნახევარზე მეტს მიიღებენ. თუ არჩევნების პირველ ტურში პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს – 21 ნოემბერს ჩატარდება და მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ტარდება. კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, ერთპარტიული უმრავლესობის ფორმირება რთული ხდება. თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, მას უმრავლესობა ვერ ექნება. უმრავლესობისთვის საჭიროა, სულ მცირე 76 მანდატი, თუ ამ რაოდენობის მანდატს ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს, დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება.
ახლად არჩეული პარლამენტის შეკრების შემდეგ, ქვეყანას ახალი მთავრობა ეყოლება. პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში ნდობას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის – სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, პრეზიდენტი ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს სამი კვირისა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.