15 საათზე ნაკლები 2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებმადე – სულ რამდენიმე საათში მთელი ქვეყნის მასშტაბით 3800-ზე მეტი საარჩენო უბანი გაიხსნება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნების” 8 წლიანი მმართველობა სრულდება, ეს კი ხვალ საღამოს ოფიციალურად გაფორმდება. რამდენიმე თვიანი რთული მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის ბოლოს კი ოპოზიციური სპექტრი არჩევნებს ისევ საერთო ფორმატით ხვდება. “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში დღეს გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაზე პარტიებმა იმ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლითაც ისინი პირობას დებენ, რომ “ქართული ოცნების” დამარცხების შემთხვევაში ივანიშვილის გუნდს კოალიციას არცერთ შემთხვევაში არ შეუქმნიან.
ოპოზიციური პარტიები ერთხმად თანხმდებიან, რომ ივანიშვილის გუნდს, რომლის უკან დიდი ადმინისტრაციული რესურსი დგას, ერთიანობის გარეშე ვერ დაამარცხებენ. ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ საზოგადოებას წავიდნენ არჩევნებზე და მხარი მხოლოდ იმ პროდასავლურ ძალებს დაუჭირონ, ვინც ქვეყანას სიღარიბიდან ამოიყვანს. ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მისცემენ, რადგან მათ ხმების დაცვის ეფექტური მექანიზმი უკვე შეიმუშავეს.
იცვლება თუ არა ხელისუფლება ოპოზიციური, პროდასავლური კოალიციით და რა შანსები აქვს მმართველ გუნდს – არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე “ქართული ოცნება” გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამბობენ, რომ ქართველი ხალხი წინა ორი საპარლამენტო არჩევნების მსგავსად ახლაც სწორ არჩევანს გააკეთებს და მხარს სწორედ მათ დაუჭერს. “ქართული ოცნების” ლიდერები დარწმუნებით ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდს 60%-ის მიღებაც კი შეუძლია, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საბოლოო შედეგი საზოგადოების აქტივობაზე იქნება დამოკიდებული.
რთული და დაძაბული საარჩევნო კამპანია უკვე დასრულებულია, თუმცა საზოგადოება კიდევ უფრო რთულ კენჭისყრის დღეს ელის. ხვალ დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათამდე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება ქვეყნის სათავეში მომდევნო 4 წლის განმავლობაში.