არჩევნების დღეს ნებისმიერი სახის პროვოკაცია უმკაცრესად იქნება დასჯილი – პრემიერის გაფრთხილება | 30.10.2020

არჩევნების დღეს ნებისმიერი სახის პროვოკაცია უმკაცრესად იქნება დასჯილი – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა და მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით,  წინასაარჩევნო პერიოდმა როგორ წყანარად და მშვიდადაც ჩაიარა, ზუსტად ასე უნდა ჩაიაროს არჩევნების დღემაც და შემდგომმა პერიოდმაც.  გიორგი გახარიას თქმით, ნებისმიერი პროვოკაცია შესაბამისად იქნება დასჯილი. გახარია ვარაუდობს, რომ 2020 წლის არჩევნებზე კოალიცია საჭირო არ გახდება.

კოვიდპანდემიის გამო 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის აზერბაიჯანსა და საბერძნეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა. გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებებს კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დაუყენებს.

მთავრობის მეთაურმა უარყო ინფორმაცია, თითქოს არჩევნების შემდეგ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა იგეგმება. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ შეკრების, მანიფესტაციების ან გამოხატვის თავისუფლებას ეპიდემიოლოგიურ ჭრილში არაფერი ემუქრება.

გიორგი გახარიამ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არჩევნების დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებითაც ისაურა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გუშინ, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს შესაძლოა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს. როგორც პრემიერმა თქვა, თუ გამოხატვის თავისუფლება ზღვარს გავა და კანონდარღვევაში გადაიზრდება, სამართალდამცავი სისტემა სწრაფად, ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს. პრემიერი გუშინდელ აქციაზე ბუბა კიკაბიძის მიერ სიმღერა “თბილისოს” ქართულ-რუსულ ენაზე შესრულებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ადამიანურად დაწყდა გული და კიკაბიძე არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი.