1709 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 20 გარდაცვლილი და 2075 განკურნებული – ასეთია კორონავირუსის სტატისტიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. მთავრობა ამბობს, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დინამიკა ნარჩუნდება. მთავარი მოწოდება და რეკომანდაცია პირბადის ტარების და სოციალური დისტანციის დაცვისა, ისევ ძალაშია. კორონავირუსით გარდაცვლილი 20 ადამიანიდან, 9 აჭარაში მკურნალობდა, 7 – თბილისში, 2 – იმერეთში, 1 – მცხეთა-მთიანეთში და 1 – კახეთში.
ქვეყანაში ისევ სამი ცხელი წერტილია, დედაქალაქი, სადაც გასულ დღე-ღამეში კორონავირუსი 445 ადამიანს დაუდგინდა, აჭარა ბოლო 24 საათში 437 ინფიცირებულით და იმერეთი 388 ახალი კორონაპაციენტით. ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364, თვითიზოლაციაში კი 29 000-ზე მეტი პირი იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობა “ლოკდაუნის” შესაძლებლობას არ განიხილავს. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად 4639 ადგილია მობილიზებული.
კორონავირუსი დაუდასტურდა კახეთში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს. ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ის ამჟამად თვითიზოლაციაშია. დეპუტატობის კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას არანაირი სიმპტომი არ აქვს.
ოკუპირებულ ცხინვალში მედიკამენტების დეფიციტია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რთული ვითარებაა სამედიცინო დაწესებულებებშიც, სადაც კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის არასაკმარისი ადგილებია. ოკუპირებულ რეგიონში COVID-19 700-ზე მეტ პირს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 7 პაციენტი. 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ამ ეტაპზე გუდაუთის ჰოსპიტალში 118 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ, მათგან 26 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.