არჩევნებამდე 2 დღით ადრე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე საჯარო პირობას დებს – იმ შემთხვევაში თუ სამგორში, გლდანსა და თელავში “ქართული ოცნების” სამივე კანდიდატი დამარცხდება, ის პოლიტიკიდან წავა. პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ “იფსოსის” მიერ გუშინ გამოქვეყნებულ კვლევას სრული უნდობლობა გამოუცხადა და მმართველი ძალის დამაჯერებელი გამარჯვების პირობა დადო. მისი თქმით, 31 ოქტომბერს ქართველი ხალხი სააკაშვილის პარტიას განაჩენს კიდევ ერთხელ გამოუტანს.
საზოგადოებისთვის მიცემულ საჯარო და ხმაურიან პირობამდე ირაკლი კობახიძემ იერიში ისევ პოლიტიკურ ოპონენტებზე მიიტანა და საზოგადოებას ის 18 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომელსაც მისი მტკიცებით, ოპოზიცია არჩევნების დღეს გამოიყენებს. კობახიძე ირწმუნება, რომ შაბათს ოპოზიციის აქტივისტები საარჩევნო ყუთებისა და ბიულეტენების გატაცებას აპირებენ, რისი მიზანიც საარჩევნო პროცესის ჩაშლაა.
რა შანსები აქვს მმართველ ძალას და იქნება თუ არა ქვეყანაში მეორე ტურები – კობახიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების პარტიული რეიტინგი 55%-დან 60%-მდე მერყეობს, რაც მას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებას დამოუკიდებლად ჩამოაყალიბებს. კობახიძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლების ძალისხმევით მის მიერ რადიკალებად წოდებულ ოპოზიციას შედეგებზე მანიპულირების საშუალება არ მიეცემა.