პოლიტიკური ძალები, რომლებიც ეპიდემიას საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის იყენებენ – არჩევნებამდე 2 დღით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპონენტებს აკრიტიკებს და ოპოზიციურ პარტიებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. გიორგი გახარია ამბობს, რომ შაბათს დაგეგმილი არჩევნებით საქართველომ მსოფლიოს უნდა დაანახოს თუ როგორ უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში. მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა საარჩევნო უბნების უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ყველა რეკომენდაცია დაცული იქნება.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმა გახარიამ ხელისუფლების მიერ აპრილში დაწყებული სოციალური პროგრამების გახანგძლივების პირობაც დადო. მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში ყველა იმ ოჯახს, ვინც 200 კილოვატამდე ელექტრო ენერგიას და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს, ეს ხარჯები დაუფინანსდებათ.