თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მოთხოვნა და საქმის ახალი გარემოებები | 28.10.2020

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის წევრები საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებენ. ამბობენ, რომ თვითმკვლელობაის ვერსიის არ სჯერათ და აუცილებელია, გამოძიებამ მკვლელობის მუხლით იმუშაოს. ბაჩალიაშვილები გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათი ინფორმაციით, ირაკლი შოთაძე კორონავირუსიის პანდემიის გამო თავს იკავებს. ბაჩალიაშვილების მშობლების ინფორმაციით, მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი  COVID-19-ზე ტესტის პასუხს ელოდება.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ბურუსით მცული საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობენ. იურისტები ამბობენ, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის ორგანიზმში, ბაჩალიაშვილის მიერ,  აფთიაქში ნაყიდი მედიკამენტებიდან მხოლოდ ორი აღმოჩნდა. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ არაერთი გარემოების გათვალისწინებით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე მკვლელობის მუხლით უნდა გადაკვალიფიცირდეს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ მისსავე კუთვნილ ავტომობილში გარდაცვლილი  იპოვეს.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. საგამოძიებო უწყებამ, ვიდეოკამერების ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელიც   ახალგაზრდა პროგრამისტის გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე – 17 ივლისს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, როგორ ყიდულობს თამარ ბაჩალიაშვილი 150 ამდე აბ მედიკამენტს  სხვადასხვა აფთიაქში.   ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.  ექსპერტიზამ  აჩვენა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის  ორგანიზმში მედიკამენტები არა ინექციის გზით, არამედ ტაბლეტების დალევის შედეგად მოხვდა.  პროკურატურაში ამტკიცებენ, რომ  თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები  არ აღენიშნება.