ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით რეკორდული რაოდენობის ადამიანი გარდაიცვალა. გასულ დღე-ღამეში კოვიდინფექციას 23 ადამაიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველაზე მეტი, 9 ადამიანი – თბილისში გარდაიცვალა. 8 – აჭარაში, 2 – იმერეთში , 2 – შიდა ქართლში, ხოლო 2 მცხეთა-მთიანეთში. გარდაცვლილებს შორის ერთი 32 წლის ახალგაზრდა ქალია. სულ COVID-19-მა ქვეყანაში 238 პაცინეტის სიცოცხლე იმსხვერპლა. რაც შეეხება ინფიცირებულებს, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 32 127-მდე გაიზარდა. იზრდება ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვიც. გასულ დღე-ღამეში ვირუსი 1262 ადამიანმა დაამარცხა.
10 მძიმე პაცინეტი ჰყავთ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რენიმაციულ განყოფილებაში კი 48 პაციენტს მკურნალობენ. ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ოთხივე შემთხვევა წარმატებით დასრულდა და საკეისრო კვეთის შედეგად, ხუთი ჯანმრთელი ახალშობილი გაჩნდა.
მატულობს კორონავირუსით ინფიცირებული პოლიტიკოსების რაოდენობაც. COVID-19 დაუდასტურდა კახა კუკავას. “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა საარჩევნი კამპანია შეწყივტა. კორონავირუსი დაუფიქსირდა წალენჯიხის მერს. კოვიდინფექცია დაუდგინდა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტს, მამა კირიონსაც. მომატებულ მაჩვენებლებზე დღეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა. ნათია თურნავა რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობას ვერ ხედავს და თვლის, რომ მთავრობამ შეზღუდვები სწორ დროს დააწესა, რის შედეგადაც დღეს ქვეყნის ეკონომიკა გაჯანსაღებას იწყებს.
კორონავირუსის 64 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებულ ცხინვალში. ცხინვალში ეპიდსიტუაცია რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გაუარესდა. მათი მონაცემებით, 15 სექტემბრიდან დღემდე რეგიონში 533 ადამიანი დაინფიცირდა, 2 პაციენტი კი – გარდაიცვალა. COVID-19-ის 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 128 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა.
მსოფლიოში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 44 მილიონს უახლოვდება. 400 000-ზე მეტი ინფიცირებული და 5 000 გარდაცვლილი – ეს გასული 24 საათის მონაცემებია. უკვე დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ იტალიაში, მილანსა და ტურინში. ადგილობრივები საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, მსოფლიოში ვირუსი ფართოდ ვრცელდება, ამის მიუხედავად კი კონტაქტების გამოვლენა და მათი აღრიცხვა შემცირებულია, რაც ვირუსს უკონტროლოს ხდის.