6 გასროლა და მანქანაში მოკლული შუახნის მამაკაცი – სარაჯიშვილის ქუჩაზე, იქ სადაც დღეს სასტიკი მკვლელობა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებში მუშაობენ და დამნაშავის კვალზე გასვლას ცდილობენ. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი, ვინც სავარაუდოდ, პირად შურისძიებას ემსხვერპლა ვალერიან ნემსიწვერიძეა, რომელსაც პოვნის დროს ხელში ცეცხლასროლი იარაღი ეჭირა. სავარაუდოდ ნემსიწვერიძემ საფრთხის შემჩნევისა და მისთვის ნაცნობი ადამიანის დანახვის შემდეგ იარაღი ამოიღო, თუმცა მკვლელმა მას დაასწრო, მოკლა და ადგილიდან მიიმალა.
გარდაცვლილის ცხედარი სარაჯიშვილის 134 ნომრიდან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. ახლა სამართალდამცველებმა უნდა გაარკვიონ არის თუ არა ცხედარზე რაიმე მნიშვნელოვანი სამხილი ან აღმოჩნდა თუ არა რაიმე საეჭვო ავტომობილში. გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ დამნაშავის პოვნისთვის ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ამბობენ ვინ არის გარდაცვლილი და არის თუ არა ის ვალერიან ნემსიწივერიძე, რომელიც წარსულში ციხის ბუნტის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო.
შემთხვევის ადგილზე დღეს მოკლულის ოჯახის წევრებიც მივიდნენ, თუმცა პოლიციამ ისინი ადგილიდან მალევე განარიდა. ყვითელი ლენტით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე დღეს კინოლოგების მიყვანაც გახდა აუცილებელი, თუმცა აღმოაჩინეს თუ არა ძაღლებმა გამოძიებისთვის რაიმე ღირებული, ამ დრომდე უცნობია. საინტირესოა კიდევ ერთი გარემოება – კიას მარკის თეთრი ფერის ავტომობილში მჯდომი მამაკაცი ერთ-ერთი მაღაზიის წინ მოკლეს, რაც ნიშნავს იმას, რომ სათვალთვალო კამერების არსებობის შემთხვევაში ფაქტი უნდა დაფიქსირებულიყო.
შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოლიცია დამნაშავის ცხელ კვალზე დაკავებას ისევ ვერ ახერხებს. პოლიციაში არც იმას ამბობენ თავმდამსმელი ფეხით მოძრაობდა თუ ადგილიდან მანქანით მიიმალა. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.