უსუსური ხელისუფლება და ჩამოშლილი ძალოვანი უწყება – პოლიტიკოსები ზუგდიდის სპეცოპერაციაზე | 22.10.2020

რამდენიმე საათი უპრეცენდენტო ძარცვიდან და კვლავ პასუხგაუცემელი კითხვები – მძევლების გათავისუფლებისა და გამტაცებლის მიმალვის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ვრცლად ჯერ კიდევ არ საუბრობს იმ სპეცოპერაციის დეტალებზე, რომელმაც გუშინ მსოფლიო მედიის  ყურადღებაც  კი მიიპყრო. “საქართველოს ბანკში” განვითარებულ მოვლენებს დღეს პრემიერ-მინისტრი მცირე კომენტარით გამოეხმაურა და სამართალდამცავ უწყებას ყურადღებისკენ მოუწოდა. გიორგი გახარია ამბობს, რომ მთავარი მიზანი, რაც სპეცოპერაციის უმსხვერპლოდ დასრულებას გულისხმობდა, შესრულებულია, ახლა კი მნიშვნელოვანი მძარცველის დროული დაკავებაა.

პრემიერის პოზიციას იმეორებენ “ქართული ოცნების”  სხვა ლიდერებიც. ამბობენ, რომ ვახტანგ გომელაურმა ოპერაციის სწორად წარმართვით მოსალოდნელი მსხვერპლის თავიდან არიდება შეძლო. “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე კი ირაკლი კობახიძემ  იერიში კვლავ მედიაზე მიიტანა და საქმეში არსებული დეტალების გაჟღერება მომავლისთვის დაანონსა.

“საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში გუშინ განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელს უწოდებენ ოპოზიციაში და სამართალდამცავი უწყების სრულ ჩამოშლაზე საუბრობენ. ამბობენ, რომ გუშინდელი სპეცოპერაციით ქვეყნის ხელისუფლება უსუსური გამოჩნდა, რადგან პოლიციამ ბოროტმოქმედის შეჩერება ვერ შეძლო. ხელისუფლების ოპონენტების თქმით გუშინდელი ძარცვა პრეცედენტია და  არ არის გამორიცხული ქყევანაში ყაჩაღობის სერიები დაიწყოს.

ბუნდოვანება და ეჭვები – ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყება ინფორმაციას მალავს, რადგან სპეცოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე საათის გასვლის მიუხედავად, საზოგადოებას  კითხვებზე პასუხები არ აქვს. ოპოზიციურ სპექტრში ფიქრობენ, რომ ზუგდიდში გუშინ მომხდარი ძარცვა მთავრობის მიერ ბოლო წლებში კრიმინალის წახალისების შედეგია, რაც წინასაარცევნო პერიოდში განსაკუთრებით საგანგაშოა.

გამტაცებლის მიერ ჯერ მძევლების აყვანას შემდეგ კი უკვალოდ გაუჩინარებას დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტიც გამოეხმაუარა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ღონისძიების კონტროლზე გადართულმა პოლიციამ რეალური საფრთხე ვერ შენიშნა, რაც საბოლოოდ სამართალდამცავი სისტემის მარცხით დასრულდა.

ოპოზიცია საზოგადოებასთან ერთად გომელაურის უწყებისგან კონკრეტულ პასუხებს ელოდება. საქმის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა კი დროის გასვლასთან ერთად ოპოზიციას კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს უჩენს.