კორონავირუსის რეკორდული რაოდენობით ზრდას ჯანდაცვის სისტემა მოუმზადებელი ხვდება. პაციენტები საწოლების რიგში დგანან და მკურნალობის დაწყებას საათობით ელოდენიან.
პაციენტი ვერ მიიღეს კლინიკაში ადგილების არ არსებობის გამო გურიაში, ლანჩხუთის “მედალფაში”. სასწრაფოს მიერ მიყვანილი პაციენტი ერთი საათის განმავლობაში კლინიკის შესასვლელთან ადგილს ელოდებოდა, თუმცა ბოლოს უთხრეს, რომ მას ვერ მიიღებდნენ. კლინიკის ექიმმა კი საყვედური სასწრაფოს ექიმს გამოუცხადა.
კორონავირუსი კი ქვეყანაში კვლავ რეკორდული რაოდენობის პაციენტს დაუდგინდა. გასულ დღე-ღამეში ინფექცია 1595 ადამიანს დაუფიქსირეს. პრემიერი ისევ პირბადის ტარებაზე საუბროს. ამბობს, რომ მთავარი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ პასუხისგებლობა, სოციალური დისტანცია და ჰიგიენაა. გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა იზრუნონ ერთმანეთზე, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებზე, რომლებიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან.
ახალი შემთხვევებიდან 563 თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში – 389, იმერეთში – 335. 24 საათში კორონავირუსს კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვი 178-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 398 პაციენტი განიკურნა, ჯამში ინფექცია 9401 ადამიანმა დაამარცხა.
რაც შეეხეხება ოკუპირებულ რეგიონებს. 136-ით გაიზარდა კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ აფხაზეთში. ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 124 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 30-ის მდგომარეობა მძიმეა. მკვეთრად მოიმატა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონშიც, სადაც გამოვლენილია სულ 362 შემთხვევა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთისგან სამხედრო-საველე ჰოსპიტალს ითხოვს.