გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან სასწრაფო დახმარების ჯგუფები ოპერატიულად მიდიან, ხოლო პაციენტებთან, რომლებსაც არ ესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მათთან მიმართებაში რეაგირება შესაძლოა გარკვეული დაყოვნებით მოხდეს – ეს განცხადება დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გაკეთდა, სადაც 112 -ის ოპერატიულ რეაგირებასთან დაკავშირებით მოსახლეობის უკმყოფილებას გამოეხმაურნენ. სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის თქმით საუბარი იმაზე რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადები იგვიანებენ არასწორია, ვინაიდან ყველა გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან სასწრაფო მყისიერად მიდის. ამირან გოგიტიძემ გუშინდელი სტატისტიკაც წარმოადგინა. მისი თქმით გუშინ 210 კაცის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, ბინიდან ცხელების ცენტრში 270 პაციენტი გადაიყვანეს, კლინიკიდან კარანტინში 69 პაციენტი მოთავსდა, ბინიდან კარანტინში კი 43 პაციენტის გადაყვანა განხორციელდა.