გაიზრდება თუ არა ბრალდებულთა წრე დავით გარეჯის საქმეზე – ინტენსიური გამოკითხვები პროკურატურაში | 21.10.2020

გაიზრდება თუ არა დამნაშავეთა წრე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე.  პროკურატურა გამოკითხვებს ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად გამოძიება საგარეო საქმეთა მინსიტრის მოქმედი მოადგილით დაინტერესდა. სწორედ ლაშა დარსალია ჩაუდგა 2013 წლიდან სათავეში იმ სადემარკაციო კომისიის საქმიანობას, რომელიც ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ წლებში დარღვევებით მუშაობდა.  დარსალია განმარტავს, რომ 1996 წლის შეთანხმების მიხედვით, კომისიას 1938 წლის რუკით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც ყველაზე რელევანტური დოკუმენტია.

ლაშა დარსალიამ კომენტარი გააკეთა იმ შუალედურ დასკვნაზეც, რომლის შინაარსიც რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა. საუბარია ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ ქართული მხარისთვის გადაცემული მასალების შესახებ უცხოელ ექსპერტებთან ერთად მომზადებულ შუალედურ დასკვნაზე, რომელიც  ქართულ მხარეს 22 სექტემბერს გამოეგზავნა. საქმეზე ბრალდებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ეს შუალედური დასკვნა საქმეში არ დევს.

მძიმე ბრალდებით დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატები საქმის მასალებს ეტაპობრივად ეცნობიან. ივერი მელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მტკიცებულებების არ არსებობის გამო, ბრალდება უსაფუძვლოა. ედუარდ მარიკაშვილი ხმაურიანი საქმის პოლიტიკურ ინტერესებზეც საუბრობს.

ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს, ივერი მელაშვილთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი კარტოგრაფი, ნატალია ილიჩოვა. ბრალდებულის ადვოკატი ფიქრობს, რომ აუცილებელია გამოძიება მოქმედი ხელისუფლების ჩვნებებითაც დაინტერესდეს. ილიჩოვას უფლებადამცველისთვის საინტერესოა, რა მოტივით დაინტერესდა რუკებით  ბიძინა ივანიშვილი. არაერთი საჯარო განცხადებების შემდეგ, ნესტან ლონდარიძეს კითხვები აქვს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.

ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმეს მესამე სექტორი  პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  პოლიტიკურ თამაშს  ორი უდანაშაულო პროფესიონალის ბედი და ღირსება ეწირება.  ორგანიზაციები ხმაურიან საქმეზე სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.  ბრალდება აბსურდულია თავად დაკავებულებისთვისაც.

საქართველოს მიწების გასხვისების ბრალდებით დააკავებულ  პირებს ათიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურის ინფორმაციით,  წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება. მთავარ საგამოძიებო უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ  საქმეზე ყოფილი, თუ მოქმედი თანამდებობების პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.