კორონაპანდემიის გამო გაკოტრებული ბიზნესი. რესტორატორთა ასოციაცია ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. რესტორატორებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, რომელზეც ითქვა, რომ კვების ობიექტების 10 საათის შემდეგ დაკეტვა 300 000 ადამიანს საარსებო წყაროს გარეშე ტოვებს. საბანკო და საშემოსავლო ვალდებულებების ფონზე დაზარალებულები, სარესტორნო სფეროს ჩამოშლას პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ სანახევროდ გახსნილ მდგომარეობაში ისინი გადასახადების გადახდას ვერ მოახერხებენ.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლების უკმაყოფილებას დღეს ეკონომიკის მინისტრი გამოეხმაურა და დაზარალებულები დაამშვიდა. ნათია თურნავას ევროპის ქვეყნების მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ბარებისა და რესტორნების სრულად დახურვა ჩვენს ქვეყანაში არ მომხდარა და ამოქმედებული რეგულაცია სარესტორნო სფეროსთვის ლმობიერი და მსუბუქია.