ცემა, დაშინება და ახლა უკვე სროლა წინასაარჩევნო კამპანიაში. არჩევნებამდე 10 დღით ადრე პოლიტიკური გარემო ქვეყანაში იძაბება. გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდტის, კახაბერ ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის წევრზე მომდარი მორიგი თავდასხმა ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება არჩევნებს აგებს, ძალაუფლების შენარჩუნებას კი ძალადობრივი გზებით ცდილობს. გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებული თავდასხმის ფაქტების იგნორირება მათი თანამონაწილეობის დასტურია.
კახაბერ ოქრიაშვილის შტაბის წევრზე, ლევან მიქელაძეზე გუშინ მომხდარ თავდახმას დღეს სპეციალური ბრიფინგით გაერთიანებული ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი გამოეხმაურა. თამარ კორძაია ამბობს, რომ მანქანას, რომელშიც მიქელაძე იჯდა 6 ტყვია აქვს მოხვედრილი, თუმცა დაკავებული ჯერ არავინ არა არის.
არის თუ არა წინასაარჩევნო გარემო დემოკრატიული და დაცულია თუ არა საარჩევნო კამპანიის თავისუფალ გარემოში ჩატარების უფლება. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება ოპონენტების დაშინებას ცდილობს, თუმცა ეს მათ გამარჯვებას ვერ შეაჩერებს. ოპოზიციურ სპექტრში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ძალადობრივი ფაქტების ოპოზიციაზე გადაბრალებას ცდილობს, ეს კი მათი უსუსურობის მაჩვენებელია.
ბოლნისში მომხდარ დაპირისპირების განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ირაკლი კობახიძე, თუმცა აღიარებს, რომ სროლა ოპონენტის მიმართ კატეგორიულად მიუღებელია. ამბობს, რომ ინციდენტი “ქართული ოცნების” აქტივისტის ცემით დაიწყო, რასაც მმართველი პარტიის შტაბის წევრების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. კობახიძე თვლის, რომ ცალკეული ფაქტები წინასაარჩევნო გარემოს ჩრდილს ვერ მიაყენებს.
ბოლო დღეებში გახშირებულ ძალადობრივ ფაქტებზე საუბრობს არასამთავრობო სექტორიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ფაქტების დროულ და ადეკვატურ გამოძიებას ითხოვს.
31 ოქტომბრის არჩევნებმადე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირება მატულობს, რაც ოპოზიციას უქმნის მოლოდინს, რომ კენჭისყრის დღე განსაკუთრებულად დაძაბული იქნება.