ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი ფონდ “ქართუს” გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ორ წელიწადში ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი იქნება გაშენებული. პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური, იაპონური და ფრანგული ბაღები. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.